26 ნოემბერი 2024,   02:21
ვრცლად
დღეს საზეიმოდ გადავცემთ ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს ბინებს, სახელმწიფოს ვალია, რომ მათი თავდადება მაქსიმალურად დაფასდეს - ირაკლი ღარიბაშვილი

პროექტი „ჯარის ქალაქი“ დასრულებულია და დღეს საზეიმოდ გადავცემთ ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს ბინებს. სახელმწიფოს ვალია, რომ მათი თავდადება მაქსიმალურად დაფასდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებისთვის „ჯარის ქალაქში“ ბინების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პროექტი „ჯარის ქალაქი“ არ არის ერთჯერადი პროექტი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პროექტი განგრძობითი ხასიათის იქნება.

„მინდა, ყველას მოგილოცოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის დასრულება. „ჯარის ქალაქი“ დასრულებულია და ჩვენ დღეს საზეიმოდ გადავცემთ ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს და მათ ოჯახებს ამ ლამაზ ბინებს.

ვარ უზომოდ ბედნიერი და გახარებული, რომ კიდევ ერთი ჩვენ მიერ დაწყებული საქმე და პროექტი დასრულებულია. ჩემი მინისტრობის დროს მე გამოვაცხადე, რომ ჯარს ყველაფერი საუკეთესო ეკუთვნის და დავიწყეთ ეტაპობრივად ყველა საკითხის მოგვარება, მოწესრიგება. იქნებოდა ეს ბაზების რეაბილიტაცია, აღჭურვილობის შეძენა თუ ნებისმიერი საკითხის მოგვარება და, რაც მთავარია, ერთ-ერთი მთავარი პროექტი იყო სწორედ „ჯარის ქალაქის“ რეალიზება. იცით, რომ ეს პროექტი ძალიან მოკლე ვადებში შესრულდა. მინდა, მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელობას, მშენებლებს, ყველას, ვინც ამ პროექტში იღებდა მონაწილეობას, მადლობა გადავუხადო. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ უპრეცედენტო პირობები შევთავაზეთ ჩვენს საამაყო ჯარს. მიხარია, რომ დღეს ეს პროექტი დასრულდა, მაგრამ მინდა, გამოვაცხადო, რომ ეს არ არის ერთჯერადი პროექტი. ეს გაგრძელდება და, რა თქმა უნდა, ანალოგიური პროექტი შეიქმნება ძალიან მალე.

ჩვენი, სახელმწიფოს ვალია, თქვენი სამსახური, ეს თავდადება დავაფასოთ მაქსიმალურად, სამხედროების სამსახური არის ფასდაუდებელი და ჩვენ, ყველანი, პირველ რიგში, ხელისუფლება არის ვალდებული, რომ მაქსიმუმი გააკეთოს თქვენთვის, რათა დაფასდეს თქვენი სამსახური ჩვენი ქვეყნის წინაშე, თქვენი თავდადება, გმირობა. მე კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი თქვენ წინაშე, თქვენი გმირობის წინაშე. მინდა, მადლობა გადავუხადო თქვენს ოჯახებს, თქვენს მეუღლეებს, მშობლებს, შვილებს და კიდევ ერთხელ გისურვოთ მშვიდობა და გამარჯვება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები