უპრეცედენტო თავდასხმა ისრაელზე - შეიარაღებულმა ადამიანებმა ქვეყანას ციდან, ზღვიდან და მიწიდან ერთდროულად შეუტიეს, ცეცხლი გაუხსნეს მოსახლეობას, აიყვანეს ტყვეები და ოჯახები იძულებული გახადეს, სიცოცხლის გადასარჩენად სახლებში ჩაკეტილიყვნენ. ისრაელის სახელმწიფოს არსებობის 75 წლის განმავლობაში ეს ყველაზე სასტიკი თავდასხმებია.
ისრაელის მთავრობის მისამართით უამრავი კითხვა გაჩნდა - როგორ შეძლო მებრძოლების ჯგუფმა მსოფლიოს ყველაზე ღატაკი ანკლავიდან, ასეთი გამანადგურებელი შეტევა მიეტანა ისრაელზე?!
"ეს იყო მთელი სისტემის მარცხი, ეს არ არის მხოლოდ ერთი კომპონენტი. თავდაცვის მთელი სტრუქტურა ჩავარდა, რადგან მათ ვერ შეძლეს ისრაელის მოქალაქეების დაცვა. ისრაელისთვის ეს პერლ ჰარბორის მსგავსი მომენტია, როდესაც დღემდე სხვა რეალობა იყო, ხვალიდან კი სხვა რეალობა დადგება ", - განაცხადა CNN-თან ისრაელის თავდაცვის ძალების ყოფილმა საერთაშორისო წარმომადგენელმა ჯონათან კონრიკასმა.
ისრაელის თავდაცვის ძალები თავს არიდებს გასცეს პასუხი კითხვებს, რომელიც შაბათს განვითარებულ მოვლენებს ეხება. სამხედრო წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ ახლა ფოკუსირებულები არიან მიმდინარე ბრძოლასა და მოქალაქეების დაცვაზე, ხოლო მომხდარის მიზეზებზე მოგვიანებით ისაუბრებენ.
თავდასხმები ჰამასმა არაბული ქვეყნების კოალიციის მიერ ასევე მოულოდნელი თავდასხმიდან 50 წლის შემდეგ განახორციელა. ისრაელი მაშინაც, 1973 წელს წმინდა დღესასწაულს, იომ კიპურს აღნიშნავდა.
მას შემდეგ, რაც 2005 წელს ისრაელმა ღაზიდან ჯარები გამოიყვანა, მილიარდობით დოლარი დახარჯა საზღვრის უსაფრთხოებისთვის. ქვეყანამ შეძლო, შეექმნა თავდაცვის სისტემა, რომელიც ჰამასის მიერ ნასროლ რაკეტებს ჰაერშივე გაანეიტრალებდა და ასევე, არ მისცემდა საშუალებას მებრძოლებს, საზღვარი მიწისქვეშა გვირაბების საშუალებით გადმოეკვეთათ. ავიადარტყმებისგან თავის დასაცავად ისრაელი "რკინის გუმბათს" იყენებს, რომელიც აშშ-ის დახმარებით შექმნეს.
ასევე, ისრაელმა დახარჯა ასობით მილიონი დოლარი, რათა შეექმნა საზღვრის დაცვის "ჭკვიანი სისტემა", სენსორებითა და მიწისქვეშა კედლებით, რომელიც, "როიტერსის" ინფორმაციით, მზად უკვე 2021 წელს იყო. მხოლოდ შაბათ დილას, ისრაელის ინფორმაციით, ჰამასმა 2200 რაკეტა ისროლა, თუმცა უცნობია, რამდენის განეიტრალება მოხერხდა, ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ ქვეყნის ხელისუფლებას არ გაუვრცელებია.
შუა აღმოსავლეთის საკითხებზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მომლაპარაკებელი, აარონ დევიდ მილერი CNN-თან აცხადებს, რომ საზღვრისპირას მცხოვრები მოსახლეობა საკმარისად დაცული არ აღმოჩნდა.
"მე არ მგონია, რომ ისრაელი ამას ელოდა," - განაცხადა მილერმა.
ისრაელის პასუხი თავდასხმაზე, ცხადია, მხოლოდ საზღვრის დაცვის გაძლიერებით არ შემოიფარგლება - ის უკვე ახორციელებს ავიადარტყმებს ღაზას სექტორზე. ორივე მხარეს, კონფლიქტს უკვე 1100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელში ამბობენ, რომ მათი პასუხი იქნება ისეთი სასტიკი, როგორიც "აქამდე ჯერ არასოდეს ყოფილა."