7 ოქტომბერს, დილის 6 საათსა და 30 წუთზე, ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" ღაზის სექტორიდან ისრაელზე სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მალევე აიღო პალესტინურმა დაჯგუფება "ჰამასმა" და თქვა, რომ 2 წუთში, 5 000 რაკეტა გამოიყენეს. "ჰამასის" სამხედრო მეთაურმა, ისრაელზე თავდასხმას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა.
მასიური სარაკეტო იერიშის პარალელურად, ღაზის სექტორიდან სამხრეთ ისრაელის ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფების ასობით შეიარაღებული პირი შეიჭრა. თავდასხმა ერთდროულად განხორციელდა ციდან, ზღვიდან და ხმელეთიდან. ზოგიერთი ტერორისტი ისრაელის ტერიტორიაზე სპეციალური პარაპლანითაც კი შეიჭრა. 50 წლის შემდეგ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ისრაელის მიმართულებით თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ჰაერიდან და ზღვიდან განხორციელდა. ისრაელმა "იომ-ქიფურის" ომის შემდეგ, პირველად გამოაცხადა საომარი მდგომარეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ასეთი მძიმე ვითარება ქვეყანაში არასოდეს ყოფილა.
ისრაელის სამხრეთ ნაწილში გაჭრილმა "ჰამასი" მობილურმა ჯგუფებმა მოტოციკლის, სამხედრო მანქანების, კატერებისა და პარაპლანების გამოყენებით სწრაფად შეაღწიეს ისრაელის ათობით პუნქტში.
"ჰამასის“ რაზმებმა, რომლებიც ღაზის სექტორიდან მოსაზღვრე რაიონებში გადავიდნენ, დაიკავეს დასახლებული პუნქტები, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ და ასევე ისრაელის სამხედრო ბაზა. ზუსტად ამ დროს, როდესაც ტერორისტები ისრაელს თავს დაესხნენ, ღაზის სექტორთან ახლოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ტარდებოდა. ფესტივალი ღია ცის ქვეშ უდაბნოში, ქალაქ ოფაკიმთან, კიბუც რეიმში იმართებოდა, რომელიც ღაზის სექტორის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს ფესტივალის მონაწილეებს. დაიღუპა რამდენიმე ადამიანი, ათობით მონაწილემ კი ევაკუაცია შეძლო, დაჭრილები ისრაელის სამხრეთ რეგიონების საავადმყოფოებში გადაიყვანეს. "ჰამასის" ტერორისტები ყველას მიმართ ვინც გზად შეხვდებოდათ განსაკუთრებულ სისასტიკეს იჩენდნენ, მათ შორის ადგილზე დახვრეტის და მძევლებად აყვანის ჩათვლით.
თავდასხმის პირველივე წუთიდან, ისრაელის თითქმის მთელ ტერიტორიაზე განგაში გამოცხადდა. გამაფრთხილებელი შეტყობინება ისრაელის მოქალაქეებმა თითქმის ყველა ქალაქში მიიღეს. მათ შორის თელ-ავივში. მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ ჩასულიყვნენ თავშესაფრებში. ხელისუფლებამ კონკრეტული რეკომენდაციებიც გასცა. დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება. სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვევაში განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10ი წუთის შემდეგ შეუძლიათ დატოვონ შენობა.
ჰამასის" ლიდერებმა თავდასხმისას რეკორდული რაოდენობის რაკეტა გამოიყენეს, თითქმის 5 ათასამდე, რომელთა დროის მოკლე პერიოდში გაშვების შედეგად ისრაელის საჰაერო თავდაცვა, მათ შორის „რკინის გუმბათის“ ანტისარაკეტო სისტემები სავარაუდოდ გადაიტვირთნენ და ბევრი რაკეტის ჩამოგდება უბრალოდ ვეღარ მოასწრეს. შეტევის მოულოდნელობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე სრულფასოვნად ვერ მუშაობს ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რის გამოც არაერთი რაკეტა ჩამოვარდა დასახლებულ პუნქტში, მათ შორის, თელ-ავივშიც.
ისრაელს ახლა მთავარი ყურადღება სამხრეთით აქვს გადატანილი. ისრაელმა 100 000-ობით რეზერვისტი გამოიძახა აქტიურ სამსახურში, რაც ყველაზე დიდი რეკრუტირებაა 1973 წლის შემდეგ. ბოლო ინფორმაციით, ისრაელის ჯარებსა და პალესტინელ მოიერიშეებს შორის შეტაკებები, ღაზის სექტორის მახლობლად მდებარე ქალაქებში მიმდინარეობს. ყველაზე რთული ვითარებაა ღაზის სექტორის გამშვებ პუნქტთან ახლოს მდებარე ქალაქ შდეროთში. ტერორისტები აქ პოლიციის განყოფილებაში არიან გამაგრებული. ადგილობრივი სააგენტოების ინფორმაციით, მთლიანობაში, ქალაქი ისრაელის კონტროლქვეშაა. მძიმე ვითარებაა ფარ-აზაში, სადაც მოქალაქეები სახლებში არიან გამაგრებული და დახმარებას ითხოვენ. პალესტინელი ტერორისტების ისრაელში შეჭრის შემდეგ, ისრაელმა სამხრეთის უმეტეს ნაწილზე კონტროლი დაიბრუნა.
"ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები. ტყვეთა ნაწილი ღაზაში გადაიყვანეს. ამ ინფორმაციას ისრაელიც ადასტურებს. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, "ჰამასის" მიერ განხორციელებული თავდასხმის მთავარი მიზანი იყო ის, რომ რაც შეიძლება მეტი ტყვე და მძევალი აეყვანათ, რასაც სამომავლოდ ისრაელთან ვაჭრობაში გამოიყენებენ.
ისრაელზე თავდასხმის პარალელურად, ღაზის სექტორში სტრატეგიული ობიექტები დაიბომბა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში "ჰამასისა" და ისლამური ჯიჰადის შტაბ-ბინა გაანადგურეს. ტერორისტული დაჯგუფებები ამ შენობას თავდასხმების კოორდინირებისთვის იყენებდნენ. სარაკეტო თავდასხმების სამიზნე გახდა ასევე დაჯგუფებების საკუთრებაში არსებული სხვა ობიექტებიც. ოფიციალური ინფორმაციით, ღაზის სექტორის ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი 400-ზე მეტია. "ბიბისითან" მიცემულ ინტერვიუში ერთ-ერთი ადგილობრივი ექიმი საუბრობს იმ მძიმე ვითარებაზე, რომელიც ახლა ამ რეგიონშია. ის ამბობს, რომ ფაქტობრივად მთელ ქალაქში ცხედრები ყრია. შეტევამდე ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორის მოსახლეობას ტერიტორიის დასატოვებლად 6 საათი მისცა.
პალესტინურ "ჰამასთან" ბრძოლის პარალელურად, ვითარება დაიძაბა ისრაელი-ლიბანის საზღვართან. ღამით ლიბანის ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ჰეზბოლამ" ცეცხლი გაუხსნა ისრაელს, პალესტინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის ნიშნად. ისრაელმა საპასუხო დარტყმებით უპასუხა "ჰეზბოლას" დისლოკაციის ადგილებზე სამხრეთ ლიბანში.
დღის ბოლოს, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში ორი ტურისტი, რომელიც ისრაელიდან იყო და მათი ეგვიპტელი გიდი მოკლეს. გარდა ამისა, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჭრილია ისრაელის ერთი მოქალაქე, რომლის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ისრაელი ადასტურებს, რომ "ჰამასის" მიერ დატყვევებულებს შორის არიან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებიც.