26 ნოემბერი 2024,   01:25
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - რუსმა ოკუპანტებმა დღეს ხერსონი დაბომბეს, არიან დაშავებულებიც, მათ შორისაა 9 თვის ბავშვი

უკრაინაში ომი გრძელდება. რუსმა ოკუპანტებმა დღეს ხერსონი დაბომბეს. "ტელეგრამ არხებზე" ვრცელდება ინფორმაცია გარდაცვლილების შესახებ. თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულებიც, მათ შორის 9 თვის ბავშვია. დაჭრილები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ხერსონი არ არის ერთადერთი ოლქი, რომელიც რუსული ძალების სამიზნე გახდა. ოკუპანტები სამხრეთ აღმოსავლეთით გააქტიურდნენ, დაიბომბა ზაპოროჟიეს მახლობლად მდებარე სოფლები, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვის პარალელურად, უკრაინელები კონტრშეტევას არ წყვეტენ. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ინფორმაციით, უკრაინელები ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით დაწინაურდნენ. უკრაინელი სამხედროები რაბოტინოსა და ვერბოვოსკენ წინ მიიწევენ.

ყველაზე ცხელ წერტილად, კვლავ ქალაქი ბახმუტი რჩება. ამერიკელი სამხედრო ექსპერტებისა და ანალიტიკოსების თქმით, რუსული საოკუპაციო ძალები ბახმუტის მიმართულებით წინსვლას ვერ ახერხებენ. რუსული ძალები "კუპიანსკი-სვატოვო-კრემენაიას" ხაზზე ოპერაციების განხორციელებას ცდილობენ, თუმცა წარმატება არ აქვთ. თუმცა, დრონებითა და რაკეტებით ოკუპანტები ცდილობენ, აღმოსავლეთით და სამხრეთით მდებარე ქალაქებისა და სოფლების დაბომბვას.

მიმდინარე კვირის ყველაზე მასშტაბური თავდასხმა ხარკოვზე განხორციელდა. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა. დაშავებულებს ამ დრომდე მკურნალობენ საავადმყოფოებში. ბომბი, ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონში დღისით ჩამოვარდა. მაშინ როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეები ქუჩაში იყვნენ. რაკეტა მოხვდა შენობას, სადაც მაღაზია და კაფე იყო განთავსებული.

აქტიური საბრძოლო მოქმედებების პარალელურად, უკრაინელი ლიდერები ყველა ტრიბუნას იყენებენ იმისთვის, რომ დასავლეთს შეიარაღება და დაფინანსება მოსთხოვონ. როგორც დღეს გახდა ცნობილი, შეერთებული შტატები მომავალ კვირას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს. საუბარია 200-ი მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებაზე. "როიტერის" ინფორმაციით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი ოთხშაბათს, ბრიუსელში, რამშტაინის ფორმატის მე-16 შეხვედრაზე გამოცხადდება.

უკრაინა დასავლეთისგან მიღებულ დახმარებას კონტრშეტევის გაძლიერებაში გამოიყენებს. როგორც ხედავთ, ყველაზე რთული ვითარება უკრაინის აღმოსავლეთშია. თუმცა ახლოვდება ზამთარი და სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა რუსეთის სამიზნე კვლავ ენერგეტიკული ობიექტები გახდეს. ამის შესახებ ისაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. გაიმართა სხდომაც, სადაც უკრაინის ლიდერებმა ზამთრის სამზადისზე ისაუბრეს.

დღის ამბები