ყოველდღიურად მეტროთი საშუალოდ 300 000 მგზავრი გადაადგილდება. ალბათ ყველას გეცნობათ ხმა, რომელიც არის გზამკვლევი და მგზავრების ყველაზე დიდი მეგობარი მეტროში.
გვანცა ლაღიძე - ქალი ხმის გამაძლიერებლებიდან, ცოტა მონოტონური, ცოტა მექანიკურიც, ფიქრებში წასულებისთვის როგორც მაღვიძარა დაბნეულებისთვის როგორც გზამკვლევი. მოკლედ მეტროს მგზავრების საუკეთესო მეგობარი - საჭირო რჩევებით. ალბათ ბევრი დაფიქრებულა ვინ არის ხმის გამაძლერებლის მიღმა? რეალური ადამიანის ხმა არის თუ არა? თუ რეალურია როგორ გამოიყურება? ან სულაც მგზავრობს თუ არა თავად მეტროთი?
ხმის ხასიათის შექმნამდე ბევრი იფიქრა და მოიფიქრა მთავარი გასაღები - ყოფილიყო ხმა მოტივატორი. ეს ინკოგნიტო ხმა მეტროში მგზავრებს უკვე 12 წელია ემეგობრება მისი ხმა მხოლოდ მეტროდან არ ეცნობათ, ის ხშირად იცვლის ხასიათს, ასაკს, სქესსაც და ადამიანების ყურში ახალ საყვარელ ხმებად ტრანსფორმირდება.
მეტროს ცნობილი ხმა, განსაკუთრებით უყვართ პატარა გოგონებს, ის არის პირველი ქართული მოლაპარაკე თოჯინის - ტასოს ხმაც. ეს ხმა განსაკუთრებით ნაცნობია სერიალის მოყვარულებისთვისაც და მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანი ხმა რომელიც შეუქმნია - მეტროს ხმაა. ზუსტად 12 წლის წინ, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამცილებლის პერსონაჟს ქმნიდა, მის ცხოვრებაში ყველაზე დრამატული პერიოდი დაიწყო - ვერაგი დაავადების დიაგნოზით.
არ ჩერდება დროც და მას მოაქვს განვითარების ახალი ეტაპები. ასეთია ხელოვნური ინტელექტი, რომლის დახმარებითაც მსოფლიოს სხვა დიდ ქალაქებში მეტროს გამომცხადებლების რეალური ხმები უკვე ჩაანაცვლა ციფრულმა. როდემდე დარჩება თბილისის მეტრო ერთ-ერთ გამონაკლისად, ჯერ უცნობია.