26 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
მომავალი ჯარისკაცი უცნობმა თანატოლმა თბილისის ცენტრში, დანის ერთი დარტყმით მოკლა - რა მტკიცებულებები მოიპოვა "კურიერი PS"-მა უმძიმეს დანაშაულზე

შალვა ქაშალკაშვილი - მომავალი ჯარისკაცი, უცნობმა თანატოლმა თბილისის ცენტრში, დანის ერთი დარტყმით მოკლა. მიზეზი სოციალურ ქსელ "ტელეგრამში", დაწყებული კონფლიქტია. 9 კამერის წინ, 19 წლის ბიჭის სიცოცხლე გიორგი იორამაშვილმა დაასრულა. სამან შეხვდებოდნენ, იყო გინება და მუქარა.

სოციალურ ქსელში დაგეგმილ შეხვედრამდე, ბრალდებული ერთ-ერთ სალონში მივიდა, სადაც მისი მეგობარი მუშაობდა. სამზარეულოდან დიდი ზომის დანა აიღო და წერეთლის გამზირზე, დათქმული ადგილისკენ გაემართა.

სამიზნე უკვე ადგილზე იყო, თანმხლებ ნაცნობთან ერთად. საქმის მასალების მიხედვით, იორამაშვილი ორ ახალგაზრდას თითქმის ერთი საათის განმავლობაში უთვალთვალებდა. ქაშაკაშვილის თანმხლებმა წასვლა გადაწყვიტა და შებრუნდა. სწორედ ამ დროს, 19 წლის ბიჭს დამნაშავემ სასიკვდილო ჭრილობა ხალხმრავალ ადგილას, ათეულობით ადამიანის თანდასწრებით მიაყენა. მოკლულის თანმხლები ჩვენებაში დეტალებს აღწერს.

ამ დროს, გაქცეულმა ბრალდებულმა ფეხით წერეთლის გამზირი გაიარა და იმავე სალონში დაბრუნდა, საიდანაც მკვლელობის იარაღი წაიღო. მისი გადაადგილება ჯერ ფეხით, შემდეგ კი ტრანსპორტით, თბილისის რამდენიმე ცენტრალური ქუჩის კამერებმა დააფიქსირეს.

"კურიერიP.S-თან" საუბარი არ ისურვეს, გამოძიებას კი დეტალები უამბეს იმ ტატუ-სალონის თანამშრომლებმა, სადაც დამნაშავემ ჩადენილი სისასტიკე პირველად აღიარა.

ამის შემდეგ, იორამაშვილი ვარკეთილში, საკუთარ ბინაში მივიდა. მკვლელობიდან მალევე, ცხელ კვალზე პოლიციამ ის სახლში აიყვანა. მანამდე მოასწრო და ჩადენილი დანაშაული ტელეგრამის იმ ჯგუფში აღიარა, სადაც შალვა ქაშაკაშვილთან კონფლიქტი დაიწყო. "კურიერიP.S-მა" ეს ხმოვანი შეტყობინებები მოიპოვა.

განზრახ მკვლელობა ხულიგნური მოტივით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო კულტივაცია და შენახვა - ამ ბრალდებებით დაკავებული იორამაშვილი დუმილს ირჩევს. მისი საქმის განხილვა სასამართლოში მეხუთე თვეა მიმდინარეობს. ახლოვდება განაჩენი. ადვოკატი ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

"მკვლელობა არაფრის გამო" - ეს პროკურორის სიტყვებია. ბრალმდებელი დარწმუნებულია, რომ ფსიქიკური პრობლემების მიუხედავად, იორამაშვილი სასჯელს სრულად მოიხდის.

მოკლული ახალგაზრდის დედა მკვლელის მონანიებას ელოდებოდა, თუმცა უშედეგოდ. ერთადერთი შვება, რასაც ახლა ითხოვს, სხვისი შვილების უსაფრთხოებისთვის, დამნაშავის მაქსიმალური დასჯაა.

 

დღის ამბები