მძიმე წუთებში, ომში მყოფი ქვეყნისა და ქართველი ებრაელების გამხნევებას ანსამბლი “გორდელა” ცდილობს, რომელსაც ქართველ ემიგრანტებთან, იერუსალიმში კონცერტით ჩასულს, თბილისობა უნდა აღენიშნა. ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა.
“გორდელა” ერთადერთი არაა, ვინც ისრაელზე ტერორისტული ორგანიზაცია “ჰამასის” თავდასხმას შეესწრო. წარმოუდგენელი კადრები,რომლებიც ტერორისტების სისასტიკეს ასახავს, იმ დროისთვის ქვეყანაში მყოფმა სხვა ქართველებმაც ნახეს და თვალებს არ დაუჯერეს. ბოლო 24 საათი, მათაც ასობით წერილზე პასუხს მოანდომეს, რომელიც საქართველოდან იგზავნებოდა, კითხვით “ხომ უსაფრთხოდ ხარ?”. მითუმეტეს, რომ სოციალურ მედიაში ვირუსულად ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, ქართველების ტყვედ აყვანის შესახებ. რაც სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, ქართველი ებრაელები მართლაც აღმოჩნდნენ ტერორისტების სამიზნეში. ამ სამწუხარო ინფორმაციის დადასტურება, ისრაელში ქართული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს მოუხდა.
საფრთხე შეექმნათ იმ ქართველებსაც, რომლებიც ღაზის ტერიტორიის მახლობლად იმყოფებოდნენ. საგარეო უწყების ცნობით, ასეთი 4 გვყავდა. “ჰამასის” კონტროლ ქვეშ მყოფ ღაზაში, ახლა აქტიური საომარი მოქმედებებია, ისრაელის არმია მიწასთან ასწორებს მოწინააღმდეგის პოზიციებს. თუმცა საქმეს ის ართულებს, რომ ტერორისტული ორგანიზაცია ფარად მოსახლეობას იყენებს და საავადმყოფოებს, სკოლებსა თუ ბაღებს აფარებენ თავს. ღაზაში დარჩენას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტორიც, რომ სექტორი გაზის, წყლისა და შუქის ბლოკადაშია - სანამ ისრაელი “ჰამასს” არ გაანადგურებს.
შდეროტი,ოფაკიმი,აშდოტი,აშკელონი, ბეერ შევა - მხოლოდ იმ ქალაქების ნაწილია, სადაც ქართული დიასპორა ჭარბობს. ჯამში ასეთი 15 000 ადამიანია ისრაელში. მათი ნაწილი ქვეყანაში 20-30 წელია ცხოვრობს, ასეთ რამეს კი უბრალოდ ვერ იხსენებს.
ისრაელში, რამდენიმე საათით ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ნაწილი უკვე უკან ბრუნდება, რადგან რეისები თბილისის მიმართულებით აღდგენილია. ის ქართველი ებრაელები კი, ვინც ისრაელში ოჯახებთან ერთად რჩებიან, იმედოვნებენ, რომ მიუხედავად სირთულეებისა, ისრაელი საქმეს ბოლომდე მიიყვანს და ხვალინდელი დღეც უფრო მშვიდობიანად გათენდება.