26 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
გამოიკითხებიან თუ არა სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე პოლიტიკოსები - "კურიერი P.S"-ის ექსკლუზიური ინტერვიუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთან

"ეს მტკიცებულებების მხოლოდ მცირე ნაწილია" ამბობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "კურიერი P.S"-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. აიცილა თუ არა არეულობა საქართველომ - უსაფრთხოების სამსახურში სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოძიება გრძელდება. რა ასწავლეს "კანვასის" ტრენერებმა ახალგაზრდებს თბილისში? "მზად იყავით დაკავებებისთვის, საჭიროა პიკეტი, ცოცხალი ჯაჭვი" - ეს ფრაზები ისმის მასტერკლასზე, რომლის ფრაგმენტებიც სუს-მა გაავრცელა. ფარული ჩანაწერების მოსმენიდან რჩება განცდა, რომ USAID-ის მიერ დაფინანსებული ტრენინგის მთავარი თემა - რევოლუციის დაგეგმვა და წინააღმდეგობის გაწევის ხერხებია. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო რომელიც ამ პროექტის მხარდამჭერია ამბობს რომ ბრალდებები მცდარია.

სახელმწიფო გადატრიალების საქმის მთავარ ფიგურანტად უსაფრთხოების სამსახური "კანვასს" ასახელებს. ორგანიზაციას, რომელმაც აქტიური როლი ითამაშა სერბეთსა და უკრაინაში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში. სწორედ შემდგარი რევოლუციებიდან მოჰყავთ მაგალითები სერბ ტრენერებს ქართველ სტუდენტებთან. "კანვასის" სერბი ლიდერები უკვე გამოჰკითხეს და მათ ქვეყანა დატოვეს. გამოიკითხა "კანვას საქართველოს" დირექტორიც და ტრენერიც. საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს, ამიტომ დეტალებზე საჯაროდ ვერავინ საუბრობს.

"საქმეზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის გრიფით საიდუმლო და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მოხდა საქმეში არსებული მტკიცებულებების მცირე ნაწილის გასაჯაროება, რაც შეეხება მტკიცებულებების სხვა ნაწილს, არ არის გამორიცხული, საზოგადოების და საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, მოხდეს მათი განსაიდუმლოება და გასაჯაროება,"- აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი ხვიჩა ბეგიაშვილი.

სუს-ში აცხადებენ რომ არეულობა ოქტომბერ დეკემბერში იგეგმებოდა ასეთი სცენარით: კანდიდატის სტატუსზე უარის შემთხვევაში, თბილისში კარვების ქალაქი უნდა მოწყობილიყო, სადაც აფეთქება მოხდებოდა და იქნებოდა მსხვერპლი. სახელდებიან არეულობის ორგანიზატორებიც - უკრაინის დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე გია ლორთქიფანიძე და ქართველი მებრძოლები - მიხეილ ბატურინი და მამუკა მამულაშვილი.

სუს-ის წარმომადგენელი ხვიჩა ბეგიაშვილი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული სერბი ტრენერებისა და "კანვას საქართველოს" მიმართ ბრალდების წარდგენა. მისივე თქმით, გამოძიების ფარგლებში, შესაძლოა, პოლიტიკოსებიც დაიკითხონ.

"გამოძიება მიმდინარეობს აქტიურად, ხდება მტკიცებულებების მოპოვება და საქმეზე დამაგრება, შესაბამისად, არ არის გამორიცხული "კანვას საქართველოს", იგივე სერბი ტრენერების მიმართ მოხდეს ბრალდების წარდგენა. რაც შეეხება გამოსაკითხ პირებს - გამოძიებას აქვს თავისი სამოქმედო გეგმა და საჭიროების შემთხვევაში გამოიკითხებიან, მათ შორის, პოლიტიკოსებიც,"-აცხადებს ხვიჩა ბეგიაშვილი.

დღის ამბები