26 ნოემბერი 2024,   01:55
ვრცლად
"ჯორჯიან მანგანეზში", ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და დასაქმებულებს შორის, საკითხების უმრავლესობაზე შეთანხმება შედგა

კომპანია ჯორჯიან მანგანეზში, ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და დასაქმებულებს შორის შეთანხმება შედგა. თანამშრომლებმა უარი თქვეს მეცამეტე ხელფასზე და მის ნაცვლად შვებულებით ისარგებლებენ. შეიცვალა კვების მენიუც. ჭიათურის საწარმოებში დასაქმებულებს კრიზისული სიტუაციის მიუხედავად ანაზღაურება კოლექტიური ხელშეკრულების საფუძველზე, 12%-ით მოემატა.

მოლაპარაკებების პარალელურად სანდო აუდიტორული კომპანია სწავლობს, არის თუ არა ჭიათურაში სამთომოპოვებითი საქმიანობა წამგებიანი. დასკვნა უახლოეს პერიოდში მზად იქნება.

ფინანსური კრიზისის პირობებში კომპანია თანამშრომლებს ხელფასებს საკუთარი რესურსით, კომერციული ბანკებიდან აღებული სესხებით უხდის. წინასწარი პროგნოზით გლობალური კრიზისის გამოსწორების პერსპექტივა მომავალი 6 თვის განმავლობაში მოსალოდნელი არ არის. კრიზისის მიუხედავად კომპანიისთვის წარმოების გაგრძელება კვლავ პრიორიტეტად რჩება, პარალელურად უცხოელ სპეციალისტებთან ერთად აქტიურად გრძელდება მუშაობა ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე, იმისათვის, რომ მომავალში სამთო მოპოვება ნაკლები დანახარჯით მოხდეს.

ფეროშენადნობების ბაზარზე , მოთხოვნების მნიშვნელოვნად შემცირებას ფეროშენადნობთა ასოციაციის პრეზიდენტიც ადასტურებს. ნუგზარ კევლიშვილი ამბობს, რომ მდგომარეობის გამოსწორება პირდაპირ კავშირშია ევროპის კონტინენტზე საომარი მოქმედებების დასრულებასთან. მისივე ინფორმაციით, უარყოფითი ტენდენციებია თურქეთის ბაზარზეც , სადაც მეტალის წარმოება 2018 წლის ნიშნულს გაუტოლდა.

მსოფლიო ბაზარზე შექმნილი მდგომარეობა უარყოფითად აისახა ჯორჯიან მანგანეზზეც. დღეს კომპანიას ჭიათურაში 3400 თანამშრომელი ჰყავს და რეგიონში ერთ- ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია.

დღის ამბები