ოდესაში ძლიერი აფეთქების ხმა ადგილობრივებმა გვიან ღამით გაიგეს. ამჯერად, ოკუპანტების სამიზნე სამოქალაქო და საპორტო ინფრასტრუქტურა იყო. სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა.
აფეთქების ხმა ისმოდა ზაპოროჟიეს ოლქშიც. სოფელი ბილენკე ოკუპანტებმა კასეტური ჭურვებით, დილით დაბომბეს – თავდასხმას 2 მსხვერპლი და რამდენიმე დაშავებული ჰყავს,განადგურდა საცხოვრებელი სახლები. ადგილობრივებმა, კასეტური ბომბებისგან თავის დაღწევა ვერ მოასწრეს.
ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან ისინი, ვინც ხარკოვის რაიონში ძლიერ აფეთქებას გადაურჩნენ. 16 ადამიანი, მათ შორის, ბავშვები უმძიმესი დაზიანებით ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
ხარკოვში, სოფელ გროზაში გლოვაა – ადგილობრივები რუსულ აგრესიას შეწირულ 52 თანასოფლელს გლოვობენ.
ომიდან 591-ე დღეს, ოკუპანტებმა უკრაინაში 237 ჭურვი ისროლეს, რუსი სამხედროების სამიზნე მშვიდობიანი მოქალაქეებიც გახდნენ. საპასუხოდ, უკრაინა კონტრშეტევას განაგრძობს ბახმუტთან, ზაპორიჟიეს ოლქში.
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტი, რუსეთიდან მეტ საფრთხეს და რისკს ელოდება, სწორედ ამიტომ, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევს ელექტროენერგიის და გათბობის ობიექტებს დასაცავად ამზადებს. აქვს ეჭვი, რომ ოკუპანტების სამიზნე სწორედ ეს წერტილები გახდება.
უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე, 10 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. რუსული აგრესიის ფონზე, მონაცემები თითქმის ყოველდღიურად იზრდება.