26 ნოემბერი 2024,   01:58
ვრცლად
ნიკა მელია - ამ პარტიას თუ მიეცემა შესაძლებლობა ახალი სიცოცხლის არაფორმალური მმართველობის გარეშე, ერთობა შესაძლებელი იქნება, არაფორმალური მმართველობის ქვეშ ერთობა გამორიცხულია

ამ პარტიას თუ მიეცემა შესაძლებლობა ახალი სიცოცხლის, არაფორმალური მმართველობის გარეშე, ერთობა შესაძლებელი იქნება, არაფორმალური მმართველობის ქვეშ ერთობა გამორიცხულია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, დღეს პარტიის მხარდამჭერებს შეხვდა.

„პრაქტიკულად, იყო მხოლოდ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ამომრჩევლები. მხოლოდ საკრებულოს წევრები იყვნენ სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსულები, დაახლოებით 150 წევრი. მეტი თანამოაზრე ყავს იმ სიმართლეს და იდეას, რომელსაც ეს ხალხი წლების განმავლობაში ემსახურება და აქვს კატეგორიული მიუღებლობა ახალი მენეჯმენტის, არაფორმალური მმართველობისადმი. ჩვენ ვიმსჯელეთ ყველა საკითხთან დაკავშირებით. ბევრი ადამიანი უკვე აყენებს საკითხს, რომ ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ, რეჟიმის წინააღმდეგ შეუძლებელია იმ პლატფორმიდან, რომელსაც წარმოადგენს არაფორმალური მმართველობა“, – განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში გაიმართება დამატებითი შეხვედრები სხვადასხვა ქალაქებში.

„უახლოეს პერიოდში შევიკრიბებით გაცილებით დიდ და მასშტაბურ ფორმატში, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ. თუ სტატუს კვო, რომელიც დღეს პარტია „ნაციონალურ მოძრაობაშია” შექმნილი, რაც აუცხოებს ათი ათასობით აქტიურ პარტიის მხარდამჭერს და მეტიც, ისინი გამორიცხავენ თანამშრომლობას იმ ადამიანებთან, რომელთა გვარსა და სახელებს თვეების განმავლობაში ვასახელებდი და არც თუ ისე უსაფუძვლოდ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება იქნება ადეკვატური. მათ აქვთ შესაძლებლობა ერთობა კვლავ შესაძლებელი გახდეს. ყველაფერი არის დამოკიდებული ამომრჩეველზე, პარტიის წევრზე, მხარდამჭერზე. კიდევ უფრო მეტი რამ დამოკიდებულია იმ ხალხზე, ვინ პარტიის მართვის სადავეები მიიტაცა. დღეიდან იმედია, ვერავინ ვერავის აკადრებს პროპაგანდისტულ გზავნილს, ვითომ ვიღაცამ რაღაც არჩევნები წააგო, განაწყენდა და იმიტომ ვარ ოპოზიციაში. ჩვენ ვართ ოპოზიციაში უსამართლობასთან, უღირსობასთან, არაფორმალურ მმართველობასთან საბრძოლველად. ჩემი ამოცანა იყო, არის და იქნება ერთობა სწორი ხალხის ერთობის სახით. ვარ ანგარიშვალდებული ამომრჩეველთან, თანამოაზრეებთან, მესმის მედიის ინტერესი, რომ დღესვე გინდათ საბოლოო პასუხი. სტატუსკვო, რომელიც დღეს პარტიაშია შექმნილი, რამაც პარტია ორად გახლიჩა, უსამართლობამ, უზნეობამ, ღირებულებებისგან დაცლამ, რასაც ასხივებდნენ არაფორმალური მმართველები პარტიაში, თუ ამ პარტიას მიეცემა შესაძლებლობა ახალი სიცოცხლის, არაფორმალური მმართველობის გარეშე, ერთობა შესაძლებელი იქნება. არაფორმალური მმართველობის ქვეშ ერთობა გამორიცხული იქნება“, – განაცხადა მელიამ.

დღის ამბები