26 ნოემბერი 2024,   01:44
ვრცლად
საქართველოს მოქალაქე ექიმები, ამჟამად, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, ისინი უსაფრთხოდ არიან - ლაშა ჟვანია

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქე ექიმები, ისრაელში, ამჟამად საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ქალაქ აშკელონის საავადმყოფოში.

მისივე განცხადებით, ასეთი მასშტაბური შეტევა, ამდენი დაჭრილითა და გარდაცვლილით არასდროს მომხდარა.

"საქართველოს მოქალაქე ექიმები ამჟამად საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ქალაქ აშკელონის საავადმყოფოში. ისინი უსაფრთხოდ არიან, რადგან ბუნკერში იმყოფებიან. საოპერაციოები ძირითადად ბუნკერში არის განთავსებული. ჩვენ მათთან ყოველსაათობრივ კავშირზე ვართ. ასევე აქ ჩამოსულები არიან სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფები, ისინი ღონისძიებებზე იმყოფებოდნენ. კიდევ უფრო რთული პერიოდები აქვს ისრაელს გავლილი, ახლა არ ხდება ისეთი რამ, რაც აქამდე არ ყოფილა, თუმცა დღევანდელი ეს საშინელი ტერორისტული შეტევა გამოირჩევა იმით, რომ ასეთ მოკლე პერიოდში ასეთი მასშტაბური შეტევა, ერთდროულად ამდენი მიმართულებით, ამდენი გარდაცვლილითა და ამდენი დაჭრილით - ჯერ არ მომხდარა,"- აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია.

ისრაელი ღაზის სექტორში ჰამასის პოზიციებს უტევს. გაზრდილია მსხვერპლის რაოდენობა. პალესტინურ მხარეს, ისრაელის თავდასხმების შედეგად სულ მცირე 161 ადამიანი დაიღუპა, დაჭრილთა რაოდენობამ კი 1000-ს გადააჭარბა.

რაც შეეხება ჰამაისის სამიზნეს ისრაელს, მსხვერპლი 40-ს აჭარბებს. 800-ს აღწევს ჰოსპიტალიზებულთა რიცხვი. ვრცელდება ინფორმაცია ტყვეების შესახებაც, თუმცა ისრაელის მხარე ამ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარისგან თავს იკავებს.

დღის ამბები