ვგმობთ ისრაელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ დილით განხორციელებულ განურჩეველ ტერორისტულ და ძალადობრივ თავდასხმებს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.
შარლ მიშელი ისრაელს სოლიდარობას უცხადებს.
„მტკიცედ ვგმობთ ისრაელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ დილით განხორციელებულ განურჩეველ ტერორისტულ და ძალადობრივ თავდასხმებს, რომლებსაც უდანაშაულო მოქალაქეების მიმართ ახორციელებენ. ჩემი ფიქრები ყველა მსხვერპლთანაა. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ საშინელ მომენტში“, – წერს შარლ მიშელი.
ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 22 და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.