"კურიერის" ინფორმაციით, 14 წლის გოგო, რომელიც დღეს ქმარმა მოკლა, იძულებითი ქორწინების მსხვერპლი იყო. არასრულწლოვანი ცდილობდა მამაკაცისგან თავი დაეღწია და მშობლების სახლში დაბრუნებულიყო, რის გამოც მათ შორის კონფლიქტი საკმაოდ ხშირი იყო.
14 წლის არასრულწლოვანი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა 28 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მოხდა. არასრულწლოვანი 2 თვის გათხოვილი იყო, ქმარმა კი მას ნათესავის ქორწილის სამზადისის დროს ესროლა. მიღებული ჭრილობის შედეგად გოგონა ადგილზევე გარდაიცვალა.
მკვლელობას არაერთი თვითმხილველი ჰყავს. 28 წლის მამაკაცი მკვლელობის შემდეგ მიიმალა და მას პოლიცია ამ დრომდე ეძებს.