26 ნოემბერი 2024,   02:55
ვრცლად
"ქართული ოცნების" ხუმრობა და მცირე ხნით გაუგებრობაში დარჩენილი ოპოზიცია - რა შეფასებები მოჰყვა ირაკლი კობახიძის განცხადებას ოპოზიციაში

"ქართული ოცნების" ხუმრობა და მცირე ხნით გაუგებრობაში დარჩენილი ოპოზიცია - მმართველი გუნდის ლიდერებისგან ითქვა, რომ კანონი, რომელიც აქციების დროს კარვების გაშლასა და დროებითი კონსტრუქციების დადგმას კრძალავს, ხელმოსაწერად პრეზიდენტს არ გადაეგზავნება.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას მალევე მოჰყვა აჟიოტაჟი მთელ ოპოზიციაში. მმართველი ძალა ისევ კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით აპელირებდა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განმარტა, რომ კანონი პარლამენტმა არა საქართველოს კონსტიტუციის 45-ე და 46-ე მუხლების, არამედ 36-ე მუხლის საფუძველზე მიიღო. შესაბამისად, კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა ძალაში. ამ განცხადებიდან მალევე, "ქართული ოცნების" ლიდერებმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთეს და თქვეს, რომ ეს იყო ხუმრობა ოპოზიციის ლუსტრაციისთვის, ხოლო კანონი სალომე ზურაბიშვილს უკვე გადაუგზავნეს.

ის, რაც "ოცნებისთვის" ხუმრობა და ლუსტრაციაა, ოპოზიციისთვის აღშფოთების საფუძველი გახდა. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილის აზრით, "ოცნებას" სალომე ზურაბიშვილის ვეტოსი ეშინია, ნაწილი კი უკვე მმართველი ძალის წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავის დაწყებასაც კი აპირებდა.

"გამაოგნებელია, იმიტომ, რომ აქამდე ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა. იურისტები სწავლობენ ამ საკითხს. ვფიქრობთ, რომ ალბათ, შესწავლის შემდეგ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რადგან არა მგონია, რომ ეს იყოს კონსტიტუციური," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრმა დავით ხაჯიშვილმა.

ირაკლი კობახიძის განცხადება სერიოზულად არ მიუღია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს, ლევან ბეჟაშვილს, რომელმაც მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადება "მოდელირებულ ქრონიკას" შეადარა.

"მგონი, საქმე გვაქვს მოდელირებულ ქრონიკასთან და ასეთ არასერიოზულ განცხადებაზე სერიოზული პასუხი რთულია, თუმცა უნდა ვთქვათ, დარწმუნებული ვარ, ეს სერიოზული ნათქვამი არ იქნებოდა," - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

განცხადების არასერიოზულობაზე საუბრობდა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი პაატა მანჯგალაძეც.

"მე მაინც მგონია, რომ საკონსტიტუციო დავის გამოხმაურებაა ეს უფრო, შემდეგ იტყვის, რომ, აი, პრეზიდენტის უფლებამოსილება იყო და ხლა პარლამენტმა მიითვისა და ამაზე რას იტყვით. რაღაც საკონსტიტუციო წიაღსვლები უნდა, რომ გააკეთოს და მერე გვითხრას, რომ აი, როგორც ეს არ არის პარლამენტის უფლებამოსილება, ისე არ არის საგარეო ურთიერთობები პრეზიდენტის უფლებამოსილებაო. ალბათ, ამ ლეგენდის შესაქმნელად სჭირდება ამ სისულელეზე ლაპარაკი,"- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებამ სერიოზულად აღაშფოთა "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია.

"ირაკლი კობახიძე, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ ის არის საქართველოს მეფე და არა უმრავლესობის ლიდერი და გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტი, რომელიც, მისი თქმით, არ იმსახურებს პრეზიდენტობას, მან საერთოდ აღარ უნდა მოაწეროს კანონებს ხელი. ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ ეშინია პრეზიდენტის ვეტოსი და ობიექტურად ეშინია, ვფიქრობ, და ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება სურთ მათ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, სხვას ვერაფერს ვუწოდებთ ამას,"- აცხადებს თეონა აქუბარდია.

ცოტა ხნის წინ, "ქართული ოცნების" განცხადებას პრეზიდენტი გამოეხმაურა და მას "არასერიოზული და ცინიკური" უწოდა. პრეზიდენტმა იქვე აღნიშნა, რომ "კანონს, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვეტოს დაადებს."

დღის ამბები