26 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
ირაკლი კობახიძის ერთი მარტივი ხუმრობით ოპოზიცია, პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები ზუსტად ნახევარ საათში ჩამოიშალნენ - მამუკა მდინარაძე

"ერთი მარტივი ხუმრობით ოპოზიცია, პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები ზუსტად ნახევარ საათში ჩამოიშალნენ,"-ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში.

მდინარაძის თქმით, სერიოზულად დაიწყეს მტკიცება, ვიდრე არ გაარკვიეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რომ კანონი უკვე გადაგზავნილია.

"მარტივად რომ ავხსნათ, რასაც წინა პერიოდის განმავლობაში ოპოზიცია, პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები ამტკიცებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე სამი დღის განმავლობაში, ირაკლი კობახიძის ერთი ანალოგიური განცხადება იყო გაკეთებული და სოციალური ქსელები ჩამოიქცა, სერიოზული კომენტარები აკეთეს. ასეთი მარტივი მხილება მართლა შეუძლებელი მეგონა. ერთი მარტივი ხუმრობით მათი იურისპრუდენცია, განსწავლულობა, კვალიფიკაცია, აღქმა, ყველაფერი ეჭვის ქვეშ დადგა. სერიოზულად დაიწყეს მტკიცება, ვიდრე არ დარეკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და არ გაარკვიეს, რომ უკვე გადაგზავნილია. როცა ნახეს, კანონპროექტი უკვე გადაგზავნილია და ამის შემდეგ მოეგნენ გონს და მიხვდნენ, რომ იმავეზე აღშფოთდნენ და გადაირივნენ, რასაც სამი დღის განმავლობაში ამტკიცებდნენ, ეს იყო სრული ლუსტრაცია, რომლის მსგავსი იშვიათად მახსენდება. ერთი მარტივი ხუმრობით ოპოზიცია, პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები ზუსტად ნახევარ საათში ჩამოიშალნენ," - განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები