26 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
რუსული სარაკეტო ტერორი ხარკოვზე გრძელდება - როგორ ებრძვის ტაქტიკური რაკეტებით მოსკოვი მშვიდობიან მოქალაქეებს

ხარკოვში, რუსული საჰაერო შეტევის მსხვერპლი 10 წლის ტიმოთეა. ქალაქის ცენტრალურ რაიონში ბალისტიკური რაკეტის აფეთქების მომენტში მას ეძინა. მაშველებმა ვერც მისი ბებიის გადარჩენა მოახერხეს.

ხარკოვზე მიტანილი იერიშის შედეგად კრიტიკულ მდგომარეობაშია 23 ადამიანი, მათ შორის 11 თვის ბავშვი.

ქალაქს საოკუპაციო ძალამ ორი ბალისტიკური რაკეტა ესროლა. მიწასთან არის გასწორებული 3 სართულიანი სახლი. კრიტიკულად დაზიანდა 2 მრავალბინიანი კორპუსი.

გადარჩენილებს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლი კიდევ გაიზარდოს. ქალაქში გლოვაა გამოცხადებული.

52 დაღუპულს გლოვობენ ხარკოვის ოლქის სოფელ გროზაში. სამაშველო ოპერაცია დასახლებაში გვიან ღამით დასრულდა. ნანგრევებიდან უმძიმესი დაზიანებით ათობით ადამიანი ამოიყვანეს.

აფეთქების მომენტში შენობაში 300-მდე ადგილობრივი იყო. ისინი რუსულ აგრესიას შეწირული თანასოფლელის ხსოვნას მიაგებდნენ პატივს. დაღუპულთა შორის მისი მეუღლე და 9 წლის შვილია.

საოკუპაციო ძალა ხარკოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას სიცრუეს უწოდებს. კრემლში ამბობენ, რომ მათი სამიზნე მხოლოდ სამხედრო ობიექტებია - დანარჩენი კი უკრაინული მხარის პროპაგანდა. გაეროს მონაცემებით, რუსული ინტერვენციის დაწყებიდან 2023 წლის 31 ივლისამდე დაღუპულია 9369 მშვიდობიანი. დაშავდა 16 646 სამოქალაქო პირი.

დღის ამბები