26 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
რუსული ფლოტის ღუზა ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროზე - რა საფრთხეებს ხედავენ თბილისში

რუსული ფლოტის ღუზა ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროს ფსკერზე - ეს უკვე ხელმოწერით დადასტურებული რეალობაა. მას შემდეგ, რაც სევასტოპოლში მარცხგანცდილმა საზღვაო ძალებმა თავშესაფრად ოკუპირებული ოჩამჩირე არჩიეს, აფხაზური საზოგადოება რისკებს აფასებს. რუსული პროპაგანდის აუდიტორია თვლის, რომ ოკუპანტი ქვეყნის გემები მათი უსაფრთხოების გარანტიაა, ამ მოსაზრებას ჰყავს მოწინააღმდეგეებიც, რომლებიც თვლიან, რომ აფხაზეთი ახლა პოტენციური სამიზნე ხდება.

სახმელეთოს შემდეგ, ახლა უკვე საზღვაო ბაზას, რუსეთი ანაკლიიდან სულ რაღაც 20 კილომეტრში დააბინავებს. თბილისისთვის ეს ტურბულენტურობას ზრდის. პარლამენტის თავმჯდომარისთვის რუსეთის ინტერესები ცხადია: "კრემლი ცდილობს პოზიციები გაიმყაროს". ამ მხრივ კი მოსკოვზე პოლიტიკური ზეწოლის გზებზე ამახვილებს ყურადღებას.

რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია საგანგაშოა ოპოზიციისთვის. ფიქრობენ, რომ საფრთხე შესაძლოა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსაც დაემუქროს და ხელისუფლებისგან მეტ კონკრეტულ ნაბიჯებს ითხოვენ.

კითხვას - "იყო თუ არა საკმარისი მომხდარზე თბილისის რეაგირება", მმართველი პარტიის თავმჯდომარე პასუხობს. ირაკლი კობახიძე ხელისუფლების ამოცანებს განმარტავს.

მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალს ბრიუსელიც, რაც ევროკავშირის წერილობითი განცხადებითაც გამოჩნდა, სადაც ბრიუსელი წერს, რომ მოსკოვის არალეგალური ნაბიჯი არღვევს საქართველოს სუვერენობას და მთლიანობას, ამავდროულად კი ზრდის წნეხსა და საფრთხეს რეგიონულ სტაბილურობაზე.

მოსკოვის ნაბიჯი უკანონო, დანაშაულებრივი და აღმაშფოთებელია საქართველოს პრეზიდენტისთვის. სალომე ზურაბიშვილი წერ, რომ ეს პროვოკაცია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს და მოუწოდებს საქართველოს პარტნიორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოახდინონ მყისიერი რეაგირება.

დღის ამბები