26 ნოემბერი 2024,   02:20
ვრცლად
ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში - არის თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტი პოლიტიკური ვაჭრობის საგანი

პარტია "საქართველოსთვის" უკვე მეორე დღეა ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის პოლიტიკური ვაჭრობის საგანია.

ხაბეიშვილის გუნდი გახარიას პარტიას ურჩევს, "ოცნებასთან" გარიგებულები საკუთარ გუნდში მოიკითხოს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" დეპუტატების ვინაობა არა, თუმცა კონკრეტული რაოდენობა დაასახელა, რომლებიც მათი თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტს მწვანეს აუნთებს.

"ქართული ოცნებისთვის" "ნაციონალური მოძრაობისა" და გახარიას გუნდის ურთიერთბრალდებები ამ პარტიების კოლაბორაციის შენიღბვის მცდელობაა. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ მათი მიზანი იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმების მობილიზება არაა, თუმცა ოპოზიციის ლუსტრაცია ნამდვილად არის.

ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ კენჭისყრისთვის ბოიკოტის გამოცხადება პოლიტიკური ცდუნების რისკებს დააზღვევს. ვინ შევა დარბაზში - პარტიების ნაწილს გადაწყვეტილი ჯერ ისევ არ აქვს, მათ შორის, არც იმ დეპუტატებს, რომელთა მიმართ ეჭვები ისევ არსებობს.

რატომ გამოიწვია იმპიჩმენტის მხარდაჭერის საკითხმა პარტიებს შორის ურთიერთბრალდებები - ამას უმრავლესობა საკუთარ ოპონენტებს შორის არსებული უნდობლობით ხსნის.

პარლამენტი ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია, თუმცა უფრო დიდი მოლოდინია იმპიჩმენტის კენჭისყრაზე. პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, პროცესი პარლამენტში 2 კვირაში გაიმართება.

დღის ამბები