26 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე - უცხოელ აქტორებს მოვუწოდებ, პატივი სცენ მასპინძელი ქვეყნის კონსტიტუციურ მოწყობას - ეს არის ევროპა! - თუ ევროპა სხვა რამეა, გვითხარით, რომ კანონის უზენაესობას პატივი არ უნდა ვცეთ

უცხოელ აქტორებს მოვუწოდებ, პატივი სცენ მასპინძელი ქვეყნის კონსტიტუციურ მოწყობას, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომლის თქმითაც, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ხელს არ უწყობს.

პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტი აბსოლუტურად ცივილურად და ევროპულად მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში.

"ვფიქრობ, რომ ეს განცხადება უადგილოა, იმიტომ, რომ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციას და კანონის უზენაესობას და როცა ვსაუბრობთ კანონის უზენაესობაზე, აქ, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, უზენაესი კანონი ანუ კონსტიტუცია იგულისხმება. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ევროპული ღირებულებები, სწორედ ვგულისხმობთ იმას, რომ სწორედ კანონის უზენაესობა არის ჩვენთვის საერთო და აქ არ არსებობს პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი ქვეყნები - ქვეყნები, სადაც კანონის უზენაესობას და კონსტიტუციას აქვს მნიშვნელობა და ქვეყნები, სადაც შეიძლება კონსტიტუცია იყოს მეორეხარისხოვანი. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ზუსტად ის ევროპული მიდგომა, რომელსაც „ქართული ოცნება“ იჩენს, რომ ამ საკითხს ჩვენ არა პოლიტიკური კინკლაობით და დებატით ვწყვეტთ, არამედ სასამართლოს მივმართავთ. ამისთვის გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლო სხვა რამისთვის ხომ არა, რომ საკონსტიტუციო საკითხებზე თავისი კომპეტენტური აზრი წარმოადგინოს," - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საიმპიჩმენტო დავა მოიცავს იმას, არის თუ არა საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა.

"ეს არის სამართლებრივი საკითხი, რომელიც ეხება არა მხოლოდ დღევანდელობას, დღევანდელ პრეზიდენტს და დღევანდელ მთავრობას, ეს ეხება იმას, ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ თუ არა. ეს არის ხალხი ნება, რომელიც განხორციელდა 2013-2017წლებში. ხალხის ნებაა, რომ ჩვენ გვქონდეს საპარლამენტო რესპუბლიკა და ამ ნების უზრუნველსაყოფად ჩვენ გვჭირდება დასტური საკონსტიტუციო სასამართლოსგან, ეს ნება, გვქონდეს საპარლამენტო რესპუბლიკა, არის თუ არა ვალიდური. პოლარიზაცია დეპოლარიზაციის ჭრილში, პირიქით პოლარიზაციას ახდენს, როდესაც ერთ-ერთი კონსტიტუციური ორგანო, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი, იჭრება და ითვისებს სხვა ორგანოს უფლებამოსილებებს, სწორედ ეს არის პოლარიზაცია. ვფიქრობ რომ ასეთი ტიპის განცხადებები ხელს უწყობს ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს რომ ის გაჯიუტდეს კონსტიტუციის დარღვევაში და პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდეს. ამიტომ განსაკუთრებით უცხოელ აქტორებს მოვუწოდებ, პატივი სცენ მასპინძელი ქვეყნის კონსტიტუციურ მოწყობას, ეს პროცესი, ვხედავთ, რომ აბსოლუტურად ცივილიზებულად, ევროპულად მიდის სასამართლოში. ეს არის ევროპა! ჩვენ ასე გვესმის ევროპა! თუ ევროპა არის სხვა რამე, მაშინ გვითხარით, რომ ევროპა გულისხმობს, რომ კონსტიტუციის დარღვევა უნდა ავიტანოთ, კანონის უზენაესობას პატივი არ უნდა ვცეთ,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ხელს ნამდვილად არ უწყობს.

 

დღის ამბები