26 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
სამიტი გრანადაში და უკრაინის საკითხი - რატომ გაჩნდა ეჭვები, რომ აშშ-მა შესაძლოა კიევის დახმარება შეამციროს, ევროპელი ლიდერების პოზიცია

ესპანეთში ჩასულმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, შეერთებულ შტატებში გაჩენილ უთანხმოებას, უკრაინის სრულად დახმარების გაგრძელების თაობაზე, არასასიამოვნო ამბავი უწოდა. ვაშინგტონში დაწყებული შიდაპარტიული დავა უბიძგებს ევროპას, მის კონტინენტზე დაწყებულ ომში უკრაინის გასამარჯვებლად კიევს კიდევ მეტი მხარდაჭერა გაუწიოს. თუმცა ევროკავშირის ლიდერები აღიარებენ, რომ ამერიკის გარეშე საქმე გართულდება.

ევროპელი ლიდერები ცდილობენ დაარწმუნონ პრეზიდენტი ზელენსკი, რომ კიევს დახმარება გაუგრძელდება. გრანადაში ჩასული უკრაინის ლიდერი მასპინძელი ქვეყნის პრემიერსაც შეხვდა. ზელენსკი კონგრესის მწვავე კრიტიკას ერიდება და ამბობს, რომ ზოგიერთი პოზიცია უცნაურია. ამერიკაში დაწყებული პოლიტიკური უთანხმოების გარდა, ის გამოწვევად ევროპაში ერთიანობის შენარჩუნებას მიიჩნევს.

შეერთებული შტატებიდან დახმარების შეფერხების შემთხვევაში, ევროკავშირი ცდილობს მომზადებული იყოს. ბრიუსელი უკრაინის დახმარების 50 მილიარდიან პაკეტზე მუშაობს.

კიდევ ერთი მთავარი თემა გრანადაში, აზერბაიჯანის და სომხეთის ურთიერთობა და დევნილების საკითხია. ევროპელ ლიდერებს უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ გამოწვევებზე სასაუბროდ ალიევის და ფაშინიანის შეხვედრის ორგანიზება სურდათ, თუმცა ეს ვერ მოახერხეს, რადგან პრეზიდენტი ალიევი ესპანეთში არ ჩავიდა. ბაქოს თქმით, საფრანგეთის ხელისუფლების პრო-სომხური განცხადებების და ერევანთან სამხედრო თანამშრომლობის და შეიარაღების დაპირების გამო, შეხვედრის ამ ფორმატში მონაწილეობის საჭიროებას ვერ ხედავენ.

დღის ამბები