26 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
რუსული ბაზა ოჩამჩირეში - რა რეაქცია მოჰყვა თბილისიდან ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო გემების შესაძლო განთავსებას

ოკუპირებულ მიწაზე უკვე მესამე რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის შესახებ სიახლეს, პრემიერი, ესპანეთიდან გამოეხმაურა. პარტნიორებთან შეხვედრაზე მას იმ საკითხის დაყენება მოუხდა, რომელიც გრანადაში გამგზავრებამდე დღის წესრიგში არ მდგარა. რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ფლოტის განთავსებისთვის ემზადება.

ოკუპირებული სევასტოპოლიდან ოკუპირებულ აფხაზეთამდე: რუსული ფლოტი უკრაინის კონტრშეტევებს აღმოსავლეთით გაურბის და კურსს ოჩამჩირესკენ იღებს. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, პუტინთან შეხვედრის შემდეგ ალაპარაკდა. თავად პუტინს არაფერი უთქვამს, გარდა მილოცვისა, რომელიც მის მიერვე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის 15 წელს უკავშირდებოდა.

პუტინის პრესსპიკერმა საკითხის კომენტირება არ ისურვა. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევის მორიგ ფაქტს, საგარეო უწყება წერილობითი განცხადებით გამოეხმაურა.

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური ფრთა თვლის, რომ თბილისის რეაგირება უფრო მკაცრი უნდა იყოს. ოპონენტებს ხელისუფლებასთან კონკრეტული კითხვები აქვთ.

საქართველოს კუთვნილ და რუსეთის მიერ მიტაცებულ აფხაზეთში, რუსული სარაკეტო და სადესანტო ხომალდების განთავსების პერსპექტივაზე მმართველი გუნდში თქვეს, რომ ხელისუფლება სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული რჩება და ამ სიტუაციაში მთავარი ბერკეტი საერთაშორისო პარტნიორები არიან.

ყირიმში უკრაინის წარმატებული შეტევების გამო, რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის ნაწილი ბაზირების ადგილიდან უკვე გაიყვანა, ამაზე სატელიტური ფოტოებიც მეტყველებს. ახლა ფლოტის ნაწილი, მინიმუმ 17 ხომალდი, წყალქვეშა ნავებით ნოვოროსისკშია დაბინავებული, ნაწილისთვის კი შემდეგი გაჩერება 500 კმ-ში ოკუპირებული აფხაზეთი იქნება. ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ოჩამჩირის პორტი გემების მისაღებად ინფრასტრუქტურულად მზადაა. იქ რუსული სანაპირო დაცვის კატარღები უკვე დიდი ხანია დგას.

დღის ამბები