26 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
სხვა გზა არ დაგვიტოვა ქალბატონმა სალომემ, რომელმაც დემონსტრაციულად, მიზანმიმართულად დაარღვია კონსტიტუცია, ეს იყო გამიზნული პროვოკაცია, როცა ქვეყანა ელოდება სტატუსს - ირაკლი ღარიბაშვილი იმპიჩმენტის პროცესზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა დემონსტრაციულად, მიზანმიმართულად დაარღვია კონსტიტუცია და მთავრობას სხვა გზა არ დაუტოვა გარდა იმისა, რომ დაეწყო იმპიჩმენტის პროცედურა.

განცხადება ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ქალაქ გრანადაში გამართული სამიტის შემდეგ გააკეთა. მისივე თქმით,  ევროპელ კოლეგებსაც ესმით ის სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც ახლა ქვეყანაშია შექმნილი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის.

"ეს პროცესი, რომელიც წამოიწყო სამწუხაროდ და ჩვენ გვაიძულა ქალბატონმა პრეზიდენტმა, რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო. მით უმეტეს, ჩვენი ქვეყანა ამდენი გამოწვევის წინაშე არსებობს, ბევრად უფრო მეტი პრობლემა გვაქვს ქვეყანას მოსაგვარებელი, ვიდრე ასეთი გაუმართლებელი ურთიერთობა პრეზიდენტსა და ხელისუფლებას შორის. მაგრამ, ჩვენ სხვა გზა არ დაგვიტოვა ქალბატონმა სალომემ, რომელმაც დემონსტრაციულად, მიზანმიმართულად დაარღვია კონსტიტუცია. ეს იყო გამიზნული პროვოკაცია, მით უმეტეს ასეთ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა ელოდება სტატუსს. რა დროს ასეთი ტიპის მდარე ხარისხის პროვოკაციაზე წასვლაა? ამ კითხვას ვუსვამ ქალბატონ სალომეს. დროული იყო ეს პროვოკაციები? როცა პრეზიდენტი განგებ, მიზანმიმართულად არღვევს კონსტიტუციას, მან ეს იცოდა, რომ ხელისუფლებას მოუწევდა რეაგირება. ჩვენ იძულებული ვიყავით, რომ სამართლებრივი შეფასება მიგვეცა მისი ამ ქმედებისთვის, მისი ამ პირდაპირი, დემონსტრაციული ქმედებისთვის. მე ეს ავუხსენი ჩვენს ევროპელ კოლეგებს. მათ ეს ესმით, მაგრამ ასევე გვეუბნებიან, რომ ეს არ არის ლამაზი. ეს აღქმებს აფუჭებს.

ამიტომ ვთქვი, რომ იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტს მხარი დაეჭირა მთავრობისთვის, ხელისუფლებისთვის, ღიად დეკლარირებულად დაეფიქსირებინა მხარდაჭერა ამ პროცესისთვის, რომელიც პარლამენტმა დაიწყო, უნდა ეთქვა, რომ თუ რაიმეში დაგვჭირდებოდა მისი დახმარება, ის მზად იქნებოდა. ეს უნდა ყოფილიყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის პოზიცია.

ნაცვლად ამისა, ვნახეთ ოპოზიციის დონეზე დასული პრეზიდენტი. თან რადიკალური, დესტრუქციული ოპოზიციის. მანაც გაიმეორა ანალოგიური მესიჯები, რომელიც ოპოზიციას აქვს ჩამოყალიბებული, თურმე ჩვენ არ ვასრულებთ რეკომენდაციებს, ჩვენი საგარეო კურსი არის გაუგებარი და ქვეყანა არ იმსახურებდა სტატუსს. ამაზეა საუბარი.

ჩვენ ევროპელ კოლეგებს ესმით ეს სამართლებრივი მდგომარეობა. ვუთხარი, რომ ეს არის ფორმალური, იურიდიული, თუმცა მნიშვნელოვანი პროცესი, რომ გამოჩნდეს კანონის უზენაესობა, ჩვენი კონსტიტუციის უზენაესობა და ის, რომ ქვეყანაში არავინ დგას კანონზე მაღლა, არც პრეზიდენტი, არც პარლამენტი და არც პრემიერი.

იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი გააცნობიერებს, რომ ქვეყანას გაცილებით მეტი მნიშვნელოვანი საკითხი აქვს მოსაგვარებელი, თუ ის მხარს დაგვიჭერს და გახდება ჩვენი მხარდამჭერი ამ პროცესში, მე მხოლოდ მადლიერებით მივესალმები მის ამ ძალისხმევას, ისე, როგორც შარშან ხდებოდა. შარშან, სტატუსის მინიჭებამდე, როცა იყო მომართვები, მთავრობა უშვებდა ყველგან, ვუგზავნიდით თანხმობებს. თუ მეტი ხმა იქნებოდა ევროპაში, რომელიც ჩვენს სათქმელს იტყოდა, რატომაც არა, მაგრამ სამწუხაროდ, მან რადიკალურად შეცვალა ეს ორიენტირები და ამიტომ ეს ნდობა დაიკარგა. ოპოზიციონერს ჩვენი მანდატის და უფლებამოსილების ქვეშ ვერ გავუშვებდით ევროპაში," – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

დღის ამბები