26 ნოემბერი 2024,   01:58
ვრცლად
მქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრა ურსულა ფონ დერ ლაიენთან, მან გვითხრა, რომ მაქსიმუმს გააკეთებს, რათა სტატუსის მინიჭების პროცესში ადეკვატურად დაფასდეს საქართველოს პროგრესი - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ესპანეთში, ქალაქ გრანადაში გამართული სამიტის შემდეგ მედიასთან რამდენიმე აქტუალურ საკითხზე გააკეთა კომენტარი. ამასთან, პრემიერის თქმით, მას მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან.

პრემიერის განცხადებით, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ მაქსიმუმს გააკეთებს, რათა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში ადეკვატურად დაფასდეს ქვეყნის პროგრესი:

"მქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრა ურსულა ფონ დერ ლაიენთან, რომელსაც მივაწოდე ინფორმაცია 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე. ქალბატონმა ურსულამ გვითხრა, რომ ისინი ზოგადად პოზიტიურად აფასებენ იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია. ასევე მისი მხრიდან მოწოდება იყო, რომ ეს რეფორმები უნდა გაგრძელდეს. მე მას ვუთხარი, რომ ხელისუფლება სრულად მობილიზებულია, რათა ეს პროცესი ბოლომდე მივიდეს. ასევე ვუთხარი მას, რომ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი უკვე შესრულებულია. ვესაუბრე იმაზე, რომ ერთადერთი არგუმენტი, რის გამოც პოლარიზაცია არის გაზრდილი, არის სწორედ კანდიდატის სტატუსის საკითხი და ვუთხარი, რომ სტატუსის მინიჭება ავტომატურად შეამცირებს და დააგდებს ამ პოლარიზაციის ხარისხს, რაშიც ჩვენი ევროპელი ლიდერები გვეთანხმებიან.

ჩვენი ხელმოცარული ოპოზიცია გადასულია საბოტაჟის რეჟიმზე, რადგანაც მათ არაფერი არ აქვთ სათქმელი მთავრობის საწინააღმდეგოდ, ერთადერთი, რის გამოც ისინი მანიპულირებენ, არის კანდიდატის სტატუსი, რაც თავიდან ბოლომდე ხელისუფლების გაკეთებულია. ყველა ეს რეფორმა ჩვენი შესრულებულია და ოპოზიციას არაფერი გაუკეთებია ამ პროცესში, ისევე როგორც არაფერი გაუკეთებია ქალბატონ პრეზიდენტს.

მინდა მადლიერება გამოვხატო ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ, რომელმაც გვითხრა, რომ იგი მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ამ პროცესში ადეკვატურად დაფასდეს საქართველოს პროგრესი," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის ქალაქ გრანადაში იმყოფება, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს.

დღის ამბები