26 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
სისხლიანი დაპირისპირება ეკლესიის ეზოში - კახეთში, დაცვის პოლიციელმა საკუთარი თანასოფლელი და მეგობარი მოკლა

ღვთისმშობლის ტაძრის ეზოს სისხლის კვალი ამ დრომდე ეტყობა. თემურ ოთინაშვილმა მეგობარი, 47 წლის გელა გუჩმაზაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით ადგილზე მოკლა. მძიმე დანაშაული ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანშია ჩადენილი. 

სამი ტყვია მოხვდა ჯონი ბაღოშვილსაც. 43 წლის მამაკაცს ჭრილობები ფეხის არეში აქვს მიყენებული. მას ოპერაცია გურჯაანის კლინიკაში უკვე ჩაუტარეს. ეკლესიის ეზოში სისხლიანი დაპირისპირება მეგობრებს შორის დაწყებულ სიტყვიერ კონფლიქტს მოჰყვა.

საკუთარი თანასოფლელები სასიკვდილოდ თემურ ოთინაშვილმა გაიმეტა. მამაკაცი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია და დანაშაულის ჩადენის მომენტში იარაღიდან გასროლა რამდენჯერმე განახორციელა. მკვლელობაში ბრალდებულის მამა "კურიერს" უყვება, რომ მისი შვილი და მოკლული უახლოესი მეგობრები იყვნენ, დანაშაულის მოტივი კი, მისთვის უცნობია.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ ძალოვანი უწყების თანამშრომელი მიიმალა, თუმცა ის მალევე დააკავეს. საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. გამოძიებამ მკვლელობის მთავარი ნივთმტკიცება, იარაღი უკვე ამოიღო.

თემურ ოთინაშვილი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. მას ბრალი სავარაუდოდ ხვალ დაუზუსტდება. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები