26 ნოემბერი 2024,   01:55
ვრცლად
ორი დღეა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები კონსტიტუციის გარანტის საქმეს იხილავენ - რა ხდებოდა დღევანდელ პროცესზე და რა არგუმენტები აქვთ მხარეებს საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუციის უხეში დარღვევით ლეგიტიმაცია დაკარგა. ისტორიული საქმის ერთ-ერთმა წარმდგენმა, დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ დაირღვა პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის 52-ე მუხლი, რომელიც საგარეო ურთიერთობების წარმართვაში ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს მხოლოდ მთავრობას ანიჭებს. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ კოლეგიის გადაწყვეტილებას პრეცედენტული ფუნქცია ექნება. რაც შეეხება საპარლამენტო კენჭისყრაზე იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანას - კობახიძე დარწმუნებულია, რომ აქ პრეზიდენტს ოპოზიციის იმედი აქვს, რაც კანონდარღვევის მოტივი გახდა.

პლენუმის მხრიდან დღეს კითხვა კონსტიტუციის 49-ე და 52-ე მუხლებს შორის არსებულ განსხვავებებზეც დაისვა, რასაც წარდგინების ავტორებმა საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის განმარტებით უპასუხეს.

როდის ახორციელებს პრეზიდენტი წარმომადგენლობით უფლებამოსილებას - ირაკლი კობახიძეს დღეს პასუხის გაცემა ამ კითხვაზეც მოუხდა. მმართველი გუნდის ლიდერმა მაგალითები საერთაშორისო პრაქტიკიდან მოიყვანა. საკონსტიტუციო სასამართლომ იმის დასაბუთებაც მოითხოვა - ხომ არ იყენებს ხელისუფლება, იმპიჩმენტის პროცედურას, პოლიტიკური მიზნებისთვის.

პლენუმის წევრებმა განმარტება პრეზიდენტის ვიზიტების შინაარსობრივ მხარეზეც მოითხოვეს. მოსამართლეები დაინტერესდნენ - რა მიზნით არ მიეცა სალომე ზურაბიშვილს ნებართვა, კულტურულ ღონისძიებაზე დასასწრებად.

ირაკლი კობახიძის გამოსვლას დღეს პრეზიდენტის წარმომადგენელთან სიტყვიერი დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია. თამარ ჩუგოშვილის კრიტიკას, კობახიძის მხრიდან კონსტიტუციაზე მუშაობის დროს მისი საქმიანობის არაპროდუქტიულობის შეხსენება მოჰყვა.

კონსტიტუციის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებები თუ მხოლოდ სიმბოლურია, მაშინ რა ფუნქცია აქვს ქვეყნის მთავარსარდალს - ამ კითხვას დღეს ირაკლი კობახიძემ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პრეზიდენტის გასული წლის ვოიაჟებზე საუბრით უპასუხა. მისი თქმით, პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკის განხორციელების შედეგზე პასუხისმგებლობა არ გააჩნია, რაც მთავრობას შესაძლებლობას აძლევს განსხვავებული ხედვის გამო მისი წარმომადგენლობითი ფუნქცია შეზღუდოს.

ვრცელი განმარტებების გაკეთება მოსამართლეთა პლენუმისთვის 49-ე და 52-ე მუხლებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის წარმომადგენლებსაც მოუწიათ. მოსამართლეები დაინტერესდნენ რატომ ჩათვალა კონსტიტუციაში ხარვეზად ნებართვის მოთხოვნა პრეზიდენტმა, როდესაც მან ამ პრინციპით წარსულში 72 ჯერ იხელმძღვანელა.

პრეზიდენტის წარმომადგენლების არგუმენტებს დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ბუნდოვანი უწოდეს. რასაც დარბაზში კვლავ სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

საკონსტიტუციო სასამართლო ისტორიული პროცესის მონაწილეების დასკვნით სიტყვებს ხვალ მოუსმენს. დაარღვია თუ არა კონსტიტუციის გარანტმა ქვეყნის მთავარი კანონი - ამ კითხვას პასუხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9-კაციანი პლენუმი 14 ოქტომბრამდე გასცემს.

 

ავტორი: იზი ბურნაძე

 

 

დღის ამბები