26 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად, კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კონგრესის სპიკერი კევინ მაკკარტი გადააყენა

რესპუბლიკელ კევინ მაკკარტის პოლიტიკური კომპრომისი თანამდებობად დაუჯდა, მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მთავრობის მუშაობის შეჩერების თავიდან ასარიდებლად ბიუჯეტს მწვანე შუქი აუნთო, თანაპარტიელები გაანაწყენა. შედეგად რესპუბლიკელების მცირე ნაწილმა მისი გადაყენების პროცედურა წამოიწყო. საქმის ბოლომდე მიყვანაში მათ 208 დემოკრატი დაეხმარა. ახლა მაკკარტი ქვეყნის ისტორიაში პირველი სპიკერია, ვინც ქვედა პალატაში დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს.

ახლა უკვე ყოფილი სპიკერი, დარწმუნებულია,რომ მისი გადაყენება ნაკლებად ეხებოდა სახელმწიფოს ხარჯებს და მეტად იყო დაკავშირებული პერსონალურ მოტივებთან. კერძოდ კი მეტ გაეცთან, რომელიც ქვეყნის ფინანსური პოლიტიკის საკითხებში მისი მთავარი ანტაგონისტია. სწორედ გაეცმა და რესპუბლიკელთა მემარჯვენე ფრთის კიდევ 7-მა დეპუტატმა დააინფიცირა მაკკარტის გადაყენების პროცედურა, იმ ბრალდებით, რომ მათი სპიკერი არაფერს აკეთებდა საბიუჯეტო ხარჯების შემცირებისთვის და უკრაინის დაფინანსების საკითხზე ჯო ბაიდენს, რესპუბლიკელების წინააღმდეგობის მიუხედავად, საიდუმლოდ გაურიგდა.

ვიდრე წარმომადგენელთა პალატა ახალ სპიკერს აირჩევს, კიევის დაფინანსების საკითხი კვლავ ღიად რჩება, რადგან დროებით, 45 დღიან ბიუჯეტში ეს საკითხი კონსენსუსის არარსებობის გამო ვერ მოხვდა. ომში მყოფი ქვეყანა დარწმუნებულია ვაშინგტონის ორპარტიულ მხარდაჭერაში და მომხდარს პროცედურული მოტივებით ხსნის. მანამდე ანალიტიკოსებისთვის სამსჯელო თემად რესპუბლიკურ პარტიაში გამოვლენილი კრიზისი გახდა, რადგან ფაქტია,რომ ქვედა პალატაში მყოფი 221 რესპუბლიკელი საკვანძო საკითხებზე ვერ თანხმდება. აქტუალობას არ კარგავს ტრამპის ფაქტორიც.

რესპუბლიკური პარტია აანონსებს ,რომ ახალი სპიკერის კანდიდატურებზე 10 ოქტომბერს იმსჯელებს, 11-ში კი უკვე დაამტკიცებს კიდეც. მათ სწრაფი ქმედებისკენ მოუწოდეს თეთრი სახლიდანაც, იმ არგუმენტით, რომ ქვეყნის საქმეები არ ითმენს.

დღის ამბები