26 ნოემბერი 2024,   01:22
ვრცლად
საქართველომ შეძლო არა მხოლოდ ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება, არამედ ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა - ლევან დავითაშვილი

2022 და მიმდინარე 2023 წელი ეკონომიკის თითქმის ყველა მიმართულებით იყო მნიშვნელოვანი გაჯანსაღებისა და გაუმჯობესებების წელი - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისივე განცხადებით, საქართველომ შეძლო არა მხოლოდ ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება, არამედ ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა:

"ჩვენმა უწყებამ და თლიანად მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა მაქსიმალურად მოქნილი, ადეკვატური მექანიზმებით შეძლო ბოლო წლებში არსებული საერთაშორისო თუ რეგიონულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე რეაგირება და არსებული საშინაო თუ საგარეო შოკების განეიტრალება საქართველოს ეკონომიკისა და მოსახლეობისთვის.

კერძო სექტორის განვითარების მხარდაჭერა, ბიზნესის და ინვესტიციების ხელშეწყობა, კაპიტალის ბაზრის და სადაზღვევო სექტორის განვითარება, გამართული საპენსიო სისტემა, ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია  ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც ჩვენს მთავარ პრიორიტეტად და საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებად რჩება. 

2022 და მიმდინარე 2023 წელი ეკონომიკის თითქმის ყველა მიმართულებით იყო მნიშვნელოვანი გაჯანსაღებისა და გაუმჯობესებების წელი. 2022 წელს დაფიქსირდა ექსპორტის, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული მოცულობა.

საქართველომ შეძლო არა მხოლოდ ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება, არამედ ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. 

2023 წელს მოსალოდნელია, რომ ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ 8 100 დოლარს მიაღწევს. ეკონომიკური აქტიურობის შესაბამისად, მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული ინფლაციის შემცირების მიმართულებითაც. უკვე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ფასების დონის ზრდა გამოწვევას აღარ წარმოადგენს.

მიმდინარე გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შეძლო სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება იმ ფონზე, როცა არაერთი ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი გაუარესდა,"- აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი. 

დეპუტატები ეკონომიკის მინისტრს უსმენენ.პარლამენტის პლენარულ სხდომას ლევან დავითაშვილი მინისტრის საათის ფორმატში ესწრება. ის უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ კანონმდებლების კითხვებს უპასუხებს. 

"მინისტრის საათი" პოლიტიკური განცხადებებით დასრულდება.

დღის ამბები