საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მერაბ ტურავას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო ორივე მხარეს თანაბარი ასპარეზის საშუალებას აძლევს.
ტურავას განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შავ-ბნელი გადაწყვეტილების მიღება რომ ნდომებოდა, სხდომას საერთოდ არ ჩაატარებდნენ და გადაწყვეტილებას დახურულ კარს მიღმა მიიღებდნენ, რისი უფლებაც, საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის მიხედვით გააჩნია.
"ჩვენ ვაძლევთ ასპარეზს როგორც ერთ, ისე მეორეს, რომ სასამართლო დაარწმუნონ თავიანთი პოზიციის სისწორეში. რომ გვნდომებოდა რაიმე შავი, ბნელი გადაწყვეტილების მიღება, ამ სხდომას საერთოდ არ ჩავატარებდით. კანონში წერია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლო, საერთოდ არ გამოეძახებინა არც წარდგინების ავტორები და არც პრეზიდენტის წარმომადგენლები და დახურულ კარს მიღმა მიეღო გადაწყვეტილება. ის რომ ჩვენ ერთიც და მეორეც მოვიწვიეთ და საჯაროდ ჩავატარეთ ეს პროცესი, უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ არცერთი მხარის მიმართ არ ვართ და ვერც ვიქნებით მიკერძოებული", - განაცხადა მერაბ ტურავამ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ირინე იმერლიშვილის თქმით, მან უნდა იფიქროს გადაწყვეტილებაზე და მოისმინოს მხარეების არგუმენტები, თუმცა სასამართლოს მიმდინარეობის პერიოდში სხვას ვერაფერს იტყვის.
"ბოლო ვადა არის 14 რიცხვი, როდესაც სასამართლომ პარლამენტს დასკვნა უნდა გაუგზავნოს. სავარაუდოდ, ეს დრო დასჭირდება, ეს მომხსენებელ მოსამართლეზეა დამოკიდებული, მაგრამ სავარაუდოდ ეს დრო დასჭირდება. მიმდინარე პროცესზე ჩვენ არ გვაქვს კანონმდებლობით უფლება, რომ რაიმე კომენტარი გავაკეთოთ. გადაწყვეტილებაზე უნდა ვიფიქრო, არგუმენტებს უნდა მოვუსმინო და ვფიქრობ, რომ ჩემი კოლეგებიც მსგავსად მოიქცევიან", - განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გიორგი თევდორაშვილის თქმით, სასამართლო პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია და დასკვნა კონსტიტუციის განსაზღვრულ ვადებში მომზადდება.
"საქმე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და სასამართლო დასკვნას მომზადებას კონსტიტუციით გათვალისწინებულ ქ თვიან ვადაში. შესაბამისად, ერთი თვე აითვლება სასამართლოში სარჩელის შემოსვლიდან და ოქტომბრის 14-15 რიცხვისთვის უნდა იყოს მზად სასამართლოს დასკვნა", - განაცხადა გიორგი თევდორაშვილმა.