აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერი კევინ მაკარტი თანამდებობიდან გადააყენა. ამერიკის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვედა პალატის სპიკერის გადაყენება მოხდა. გადაწყვეტილებას მხარი 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 210 წინააღმდეგი იყო.
მაკარტის გადაყენების ინიციატივით რესპუბლიკელი კონგრესმენი, მეტ გეტცი გამოვიდა. კანონმდებელი უკმაყოფილო იყო იმით, რომ მისი თანაპარტიელი კომპრომისზე წავიდა დემოკრატებთან და უზრუნველყო 45-დღიანი ბიუჯეტის მიღება, რათა თავიდან აეცილებინა ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერება. მან ასევე დაადანაშაულა მაკარტი იმაში, თითქოს ის დათანხმდა უკრაინის დასახმარებლად აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან საიდუმლო გარიგებას.