აჭარა წყლის სტიქიას ებრძვის - ადიდებულმა მდინარე ყორისწყალმა 60-მდე კოტეჯი დატბორა, წყლის მოვარდნის გამო არავინ დაზარალებულა. სტიქიის დროს კოტეჯებში არავინ იმყოფებოდა. ოფიციალური ინფორმაციით, შენობები ექსპლუატაციაში არ იყო შესული.
სტიქიას ებრძვის სოფელი ხორეთი და ქვემო მამათი, რომელიც ძლიერმა წვიმამ ერთი თვის წინაც დააზარალა და ახლაც გარესამყაროს არის მოწყვეტილი. წაღებულია მუნიციპალიტეტთან დამაკავშირებელი დროებითი ხიდები.
საგანგებო რეჟიმში მუშაობენ გურიის რეგიონის მუნიციპალური სამსახურები. ადიდებულმა მდინარემ ოზურგეთში ერისთავის ქუჩაზე ყველა საცხოვრებელი სახლი დატბორა. ადგილობრივებს გაუნადგურდათ საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი.
ძლიერმა წვიმამ დააზიანა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიც. მეწყერული პროცესების განვითარების შედეგად, რამდენიმე ოჯახი ამ დრომდე გარესამყაროსაა მოწყვეტილი. გაწმენდითი სამუშაოები 24 საათის განმვალობაში მიმდინარეობს.
უხვი ნალექის შედეგებს ებრძვის ზღვისპირა ქალაქიც. ზაქარიაძეების ოთხსულიანი ოჯახი ერთ-ერთია, რომელიც სტიქიამ საცხოვრებელი სახლის გარეშე დატოვა. ჩამოშლილმა მიწის მასამ ადგილობრივების სახლებში შეაღწია. საჭირო გახდა 3 ოჯახის ევაკუაცია. ისინი ადგილობრივმა ხელისუფლებამ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო.
ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ცენტრალური ბაზრის ტერიტორია. ადიდებულმა მდინარემ სავაჭრო ობიექტებში შეაღწია და მოვაჭრეებს პროდუქცია სრულად გაუნადგურა.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა გადაადგილების მიმართულებითაც. ადიდებულმა მდინარემ ქობულეთი-შეკვეთილის დამაკავშირებელი გზის ნაწილი ჩაანგრია და ცენტრალური ხიდის ნაწილი წაიღო. მოსახლეობას გადაადგილება შემოვლითი გზით უწევს.
სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში სალიკვიდიაციო სამუშაოები გრძელდება. მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.