26 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
კარგად აცნობიერებს პრეზიდენტიც, რომ თავისი ბრძანებით ვერც საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალებს, ვერც სახელმწიფო დაცვის სამსახურს, ოფიციალური მაღალი თანამდებობის პირის დახვედრას, მის გაცილებას ან უკან დაბრუნებას - ვახტანგ ბაჩიაშვილი​

მთავრობის საპარლამენტო მდივანს, ვახტანგ ბაჩიაშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე 2 საათის განმავლობაში უსმენდნენ. ის 9 მოსამართლისგან შემდგარ კოლეგიის კითხვებს პასუხობდა.

მოსამართლეები რამდენიმე მიმართულებით დაინტერესდნენ, მათ შორის, სჭირდება თუ არა მოთხოვნა პრეზიდენტს, როდესაც ის ქვეყნის შიგნით ახორციელებს შეხვედრებს, საუბარია ვიზიტებზე, როდესაც საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები სტუმრობენ და მათ ხვდება საქართველოს პრეზიდენტი.

როგორც ვახტანგ ბაჩიაშვილმა განმარტა, ქვეყნის შიგნით შეხვედრებზე აქტი არ გამოიცემა, თუმცა დეტალები თანხმდება პროტოკოლით.

"ამ შემთხვევაში ერთ-ერთი პუნქტი გახლავთ ხოლმე საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის დავალების მიცემა, რომ მოამზადოს კონკრეტული წინადადებები, რომლებიც შეიძლება წამოიჭრას ამ მაღალი რანგის თანამდებობის პირებს შორის შეხვედრისას, განსახილველი საკითხები, ამ საკითხებზე რა პოზიცია უნდა ჰქონდეს საქართველოს პრეზიდენტს, თუ ასეთი საკითხები ამ ოფიციალური შეხვედრის დროს წამოიჭრა. ეს წინადადება შემოდის ზუსტად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ასეთი ფორმით.

ფორმაზე თუ ვიდავებთ, ამ შემთხვევაში კი ბატონო, აქ შეიძლება მთავრობის თანხმობა უფრო სწორი იყოს, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილება ჩანს და ამას კარგად აცნობიერებს თვითონ საქართველოს პრეზიდენტიც, რომ თავისი ბრძანებით ის ვერც საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალებს კონკრეტულ წინადადებების მომზადებას, ვერც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, დახვედრას მაღალი რანგის ოფიციალური მაღალი თანამდებობის პირის და მის გაცილებას ან და უკან დაბრუნებას, ასევე კიდევ უამრავ სხვა, თუნდაც პროტოკოლურ თუ საორგანიზაციო ღონისძიებებს, რომლებიც გაწერილია კონკრეტულ სამოქმედო გეგმაში და გულისხმობს, სწორედ ამ საგარეო უმაღლესი რანგის დიპლომატიური თანამდებობის პირის საქართველოში ჩამოსვლას და საქართველოს პრეზიდენტის მიერ მის მიღებას," - აცხადებს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ ბაჩიაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს. საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს. თავად პრეზიდენტი სხდომას არ ესწრება. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ. ამასთან, წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრება 5 დეპუტატი, მათ შორის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. თავად პრეზიდენტი ბათუმში არ ჩავიდა, რაც არსებითი სადავო საკითხის მიღმა დამატებითი დისკუსიის საგანი გახდა.

 

ავტორი: იზი ბურნაძე

 

დღის ამბები