26 ნოემბერი 2024,   01:20
ვრცლად
"წარდგინების ავტორი მოქმედებდა სამართალწარმოების ფარგლებს გარეთ, ატარებს ლექციას საკანონმდებლო ტექნიკასთან და პროცესთან დაკავშირებით, მთელი სასამართლო უსმენთ ამას მდუმარედ " - პრეზიდენტის წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში

ეს არ არის სწორი სამართალწარმოების პროცესი, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ეს არ არის ის, რაც უნდა ხდებოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა მიმდინარეობს. კოპალეიშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც კანონმდებლობისა და კონსტიტუციის ჰარმონიზაციის პროცესში არსებულ ხარვეზებზე საუბრობდა.

მაია კოპალეიშვილის შეფასებით, ირაკლი კობახიძე სამართალწარმოების ფარგლებს გარეთ მოქმედებს და პროცესზე ლექციას ატარებს.

"წარდგინების ავტორი მოქმედებდა სამართალწარმოების ფარგლებს გარეთ, ატარებს აქ ლექციას საკანონმდებლო ტექნიკასთან და პროცესთან დაკავშირებით. მთელი სასამართლო უსმენთ ამას მდუმარედ. ეს არ არის სწორი სამართალწარმოების პროცესი. რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ეს არ არის ის, რაც უნდა ხდებოდეს. თუკი კითხვის დასმა უნდა, ეს უნდა იყოს სრულიად სხვაგვარად და არა მიშველება," - განაცხადა კოპალეიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ მაია კოპალეიშვილის განცხადებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ "კონსტიტუციური წარდგინების განხილვის პროცედურა კანონმდებლობაში არ არის განსაზღვრული, ამიტომ სასამართლომ შეიძლება ეს არაორდინალურად წარმართოს."

ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს. საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს. თავად პრეზიდენტი სხდომას არ ესწრება. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ. ამასთან, წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრება 5 დეპუტატი, მათ შორის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. თავად პრეზიდენტი ბათუმში არ ჩავიდა, რაც არსებითი სადავო საკითხის მიღმა დამატებითი დისკუსიის საგანი გახდა.

 

 

დღის ამბები