26 ნოემბერი 2024,   01:28
ვრცლად
არის პოლიტიკური ნიუანსები, რის გამოც შეიძლება თვალი დახუჭო ხარვეზიანი პრაქტიკის შენარჩუნებაზე, მაგრამ ეს კავშირში არაა სარჩელის შინაარსთან, რადგან პარლამენტი და მთავრობა კონსტიტუციას არ არღვევენ - ირაკლი კობახიძე

პრაქტიკა არის ხარვეზიანი... საჭიროა მთავრობის მხრიდან ფორმალური თანხმობა და ამას სადავოდ არ ვხდით, ეს ხარვეზი გამოსასწორებელია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვისას განაცხადა, სადაც განხილვის საგანს წარმოადგენდა გარემოება, რომ ქვეყნის შიგნით, სტუმრად მყოფ მაღალი დონის უცხოელ პირველ პირებთან შეხვედრებისთვის პრეზიდენტი მთავრობის შესაბამის ნებართვას არ საჭიროებს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღნიშნული ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, ყოველ ჯერზე, როდესაც ვიღაც ვიზიტით ჩამოვა საქართველოში, არსებული რეალობიდან გამომდინარე ახალი უხერხულობები შეიქმნება.

"სარჩელი ხომ თავისთავად პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე შედის - შეიძლება ხედავდე, რომ პრაქტიკა არის არასწორი, მაგალითად ელჩების დანიშვნის სფეროში, მაგრამ რაღაცებს უწევ ანგარიშს, უპირველესად სახელმწიფო ინტერესებს. შეიძლება ხედავდე, რომ ერთი და ორი წლის განმავლობაში პრაქტიკა არასწორადაა ჩამოყალიბებული, მაგრამ სარჩელის შეტანის თაობაზე გადაწყვეტილება გვიან წარმოადგინო. იგივე ეხება ამას - შეიძლება ვიცოდით, რომ ეს პრაქტიკა არასწორი იყო, მაგრამ ეს ხომ პოლიტიკური საკითხია. ეს ხარვეზი გამოსასწორებელია, მაგრამ როგორც კი გამოსწორდება, ქვეყანას ახალი უხერხულობები შეექმნება. წარმოიდგინეთ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ვიღაც ჩამოვა საქართველოში, არსებული რეალობიდან გამომდინარე ახალი უხერხულობები შეიქმნება - შეიძლება მთავრობა არ იყოს იმის მომხრე, რომ პრეზიდენტს შეხვდეს საქართველოში ჩამოსული რომელიმე პრეზიდენტი და ა.შ. არის პოლიტიკური ნიუანსები, რის გამოც შეიძლება რაღაც მომენტი თვალი დახუჭო ხარვეზიანი პრაქტიკის შენარჩუნებაზე, მაგრამ ეს კავშირში არაა სარჩელის შინაარსთან, რადგან პარლამენტი და მთავრობა კონსტიტუციას არ არღვევენ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები