სისხლიანი დანაშაული საბერძნეთის დედაქალაქ ათენის ცენტრში, მირონის ქუჩაზე, დაახლოებით, ღამის 2:30 წუთზე, ქართველი ემიგრანტების ოჯახში მოხდა. 50 წლის კობა აშოთია 74 წლის ბერძენმა მამაკაცმა ცოლ-შვილის თვალწინ მოკლა. სახლში იმყოფებოდა მათი 12 წლის ქალიშვილის 2 არასრულწლოვანი მეგობარიც. მეზობლებმა პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, რაც 4 გასროლისა და ბავშვების ყვირილის ხმა გაიგეს.
მკვლელობას წინ კობა აშოთიას ქალიშვილის დაბადების დღეზე დაწყებული კონფლიქტი უძღოდა. ირკვევა, რომ ბერძენი მამაკაცი ოჯახის ახლო მეგობარი და მეზობელი იყო. უცნობია დაპირისპირების მიზეზი, თუმცა "კურიერთან" საუბარში ოჯახის ახლობელი, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა, ამბობს, რომ კობა აშოთიასა და ბერძენ მამაკაცს შორის შელაპარაკება ჯერ რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ მოხდა, მოგვიანებით კონფლიქტი განიმუხტა, თუმცა, რამდენიმე საათში ბერძენი მამაკაცი კობა აშოთიას სახლში იარაღით დაბრუნდა და მას თავში ესროლა.
ბერძენმა მამაკაცმა კობა აშოთიას მოკვლის შემდეგ თავდასხმა მის მეუღლეზეც სცადა და ბავშვების დახოცვითაც იმუქრებოდა. არასრულწლოვანების დასაცავად გარდაცვლილის მეუღლემ მკვლელს წინააღმდეგობა გაუწია და ბავშვებს გადაეფარა, რა დროსაც მხარში დაიჭრა. 45 წლის ლალი დიაკონიძე გენიმატას კლინიკაში გადაიყვანეს.
ბერძნულ მედიაში ვრცელდება დაკავებულის პირველი ჩვენება. 74 წლის ბერძენი მამაკაცი აშოთიას სასმელში უცნობი ნივთიერების გარევაში ადანაშაულებს.
რა გახდა რეალურად საბერძნეთის დედაქალაქში მომხდარი სასტიკი მკვლელობის მიზეზი, ჯერ უცნობია. პოლიცია რამდენიმე მოტივზე მუშაობს.