26 ნოემბერი 2024,   02:01
ვრცლად
უპრეცედენტო პროცესი - სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევის გამო ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოში ელოდებიან

მმართველი პარტიის თავმჯდომარე და კონსტიტუციური წარდგინების კიდევ 4 ავტორი, ხვალ ეცდება საკონსტიტუციო სასამართლო დაარწმუნოს, რომ კონსტიტუციის გარანტმა კონსტიტუცია დაარღვია. უპრეცედენტო პროცესამდე 1 დღით ადრე ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ მოსამართლეთა პლენუმი კაზუსს მარტივად ამოხსნის და გადაწყვეტილებაც სამართლიანი იქნება.

საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ მოპასუხე მხარეს, საქართველოს პრეზიდენტსაც ელოდებიან, თუმცა ოფიციალური დასტური სალომე ზურაბიშვილისგან ამ დრომდე არ მიუღიათ. მთავარსარდალმა პოლონური ტურნე და ბელგიაში ვიზიტი გააუქმა. მეფე ფილიპეს წერილით მიმართა და ის მიზეზები განუმარტა, რის გამოც "ევროპალია საქართველოს" ინაუგურაციაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

დაარღვია თუ არა კონსტიტუციის 52-ე მუხლი ქვეყნის მთავარსარდალმა - ამ კითხვას პასუხი 9 მოსამართლისგან შემდგარმა პლენუმმა უნდა გასცეს. ვერდიქტამდე მსაჯულები 80 დეპუტატის მიერ ხელმოწერილ წარდგინებას ზეპირი მოსმენით განიხილავენ და მხარეებს არგუმენტების წარმოდგენის საშუალებას მისცემენ. გადაწყვეტილების მისაღებად მინიმუმ 6 მოსამართლის პოზიცია უნდა დაემთხვეს.

საქართველოს პრეზიდენტის არგუმენტებს ოპოზიცია ამყარებს. სალომე ზურაბიშვილის დამცველები ამბობენ, რომ შეუთანხმებელი ვიზიტებით კონსტიტუცია არ ირღვევა და იმპიჩმენტის პროცედურა საფუძველს მოკლებულია. ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესით, მმართველი გუნდი ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობას ართმევს.

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის შეუთანხმებელი ვიზიტები ქვეყნის ევროპულ მომავალს აზიანებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევის ფაქტს არც სალომე ზურაბიშვილი უარყოფს, რაც მათი შეფასებით, მოსამართლეთა პლენუმს სამართლებრივი დასკვნის გამოტანას გაუმარტივებს.

80 დეპუტატის მიერ ხელმოწერილ კონსტიტუციურ წარდგინებას საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ 12 საათზე განიხილავს. არ არის გამორიცხული გადაწყვეტილება ხვალვე გამოცხადდეს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო  დაადგენს, რომ პრეზიდენტმა ქვეყნის მთავარი კანონი დაარღვია, პროცესი საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს. პარლამენტმა კენჭისყრა 2 კვირის ვადაში უნდა ჩაატაროს. პრეზიდენტის იმპიჩმენტს 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

დღის ამბები