26 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
ცვლილებები შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში - რა შემთხვევაში იკრძალება აქციაზე კარვის ან სხვა კონსტრუქციების მოწყობა

"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, აქციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ იმ შემთხვევაში, თუ ის დემონსტრანტებს ან სხვა პირებს საფრთხეს უქმნის, ან ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას. ცვლილებათა პაკეტი უკვე დააინიცირეს ბიუროზე, სადაც ახალი კანონპროექტის განხილვას სხდომაზე კამათი მოჰყვა. დეპუტატებს შორის კამათი კომიტეტის სხდომაზეც გაგრძელდა.

"ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს საკანონმდებლო ორგანოში მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ უპასუხა და თქვა, რომ კანონპროექტი კონსტიტუციურ ნორმებთან შესაბამისობაშია. ალექსანდრე დარახველიძემ ისიც განმარტა, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვისთვის აუცილებელია პოლიციას ბერკეტი ჰქონდეს.

განმარტებების მიუხედავად, ოპოზიციის მთავარ არგუმენტად ისევ ცვლილებათა პაკეტის კონსტიტუციასთან შეუსაბამობა რჩება. ოპოზიციონერი დეპუტატები ღიად ამბობენ, რომ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

კარვების გაშლა, მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, იმ შემთხვევაში იქნება დაშვებული, თუ შეკრების სათანადოდ ჩატარებისთვის მას არსებითი მნიშვნელობა ექნება. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დღეს საზოგადოებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიებაც შეახსენა, რომლის მიხედვით, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები კარვების გაშლას, მასში კი ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანას გეგმავდნენ. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გივი მიქანაძის თქმით, სწორედ სუს-ის ეს განცხადება გახდა ცვლილებათა პაკეტის მომზადების საფუძველი.

კანონპროექტის მიხედვით, დროებითი კონსტრუქციის მოწყობა საპროტესტო აქციაზე აიკრძალება, თუ ის საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს, კანონდარღვევისთვის კი საგნის კონფისკაცია მოხდება; კანონდამრღვევი პირი 500 ლარით დაჯარიმდება ან 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება. თუ დამრღვევი პირი აქციის ორგანიზატორი იქნება, საგნის კონფისკაციასთან ერთად 5 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა ან 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოუწევს. ცვლილებათა პაკეტს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით ის უკვე მიიღო.

დღის ამბები