26 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
ხელისუფლება ნებისმიერი სახის ანტიკონსტიტუციური ქმედების მიმართ უმკაცრესი იქნება - კანვასის ტრენინგები საქართველოში და პრემიერ-მინისტრის შეფასება

მთავრობის მეთაურმა დღეს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მსურველები გააფრთხილა და შეახსენა, რომ ხელისუფლება ნებისმიერი სახის ანტიკონსტიტუციური ქმედების მიმართ უმკაცრესი იქნება. პრემიერ-მინისტრის ეს შეფასება სუს-ის მიერ გავრცელებულ ვიდეომტკიცებულებას მოჰყვა, სადაც ჩანს სერბული კანვასისა და ოტპორის ლიდერების მიერ ჩატარებული ძალადობრივი მეთოდებით ხელისუფლების შეცვლის გზებთან დაკავშირებული ტრენინგები. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრები ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილ არეულობის სცენართან პირდაპირ კავშირშია. 

USAID-ის მიერ დაფინანსებული სემინარის მიზნობრიობასთან დაკავშირებით დღეს კითხვები აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებმაც დასვეს. თეა წულუკიანის თქმით, ორგანიზაციამ უნდა განმარტოს, რა საჭიროებებისთვის იხარჯება ამერიკელი გადამხდელების ფული მსგავს ტრენინგებში.

USAID-ის პროექტებთან დაკავშირებით მალევე განცხადება შეერთებული შტატების საელჩომაც გაავრცელა. დიპლომატიური წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ კანვასის აქტივობები მათგან რამდენჯერმე დაფინანსდა. მისიაში ბრალდებას დაუსაბუთებელს უწოდებენ და ამბობენ, რომ ტრეინინგი კანვასმა ონკოლოგიური პაციენტების მშობლებს ჩაუტარა.

"ნაციონალურ მოძრაობა" კანვასის ტრენინგებში პრობლემას ვერ ხედავს. პარტიაში, რომლის მხარდამჭერებსა და თანამოაზრეებს რევოლუციური გეგმის მთავარ ფიგურანტებად განიხილავენ, ამტკიცებენ, რომ მსგავსი შეკრებების მიზანი მხოლოდ არაძალადობრივი პროტესტის გზების ათვისებაა.

სუს-ის მიერ გავრცელებულ მასალებს არც "ნაცმოძრაობის" მთავარი პარტნიორი პოლიტიკური ძალა ენდობა. "სტრატეგია აღმაშენებელში" ჩანაწერების შინაარსზე საუბარი არ სურთ. განსხვავებულია "გირჩის" პოზიცია, სადაც არ ესმით, რატომ იხარჯება შტატების ბიუჯეტიდან თანხა - მათი თქმით, მსგავს უშინაარსო ღონისძიებებში.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერით, სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის პირველი ნაწილი დადასტურდა, რაც შეეხება მეორეს და მთავარ მიზანს - გადატრიალებას ქვეყანაში, ამას "ქართული ოცნების" ხელისუფლება არ დაუშვებს. უმრავლესობის თქმით, ოპოზიციისა და მათი ლობისტების ყველა დესტრუქციული მისწრაფება საქართველოში ჩავარდა, თუმცა ოპონენტებმა ვერაფერი ისწავლეს.

გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გრძელდება, მოკვლევის ფარგლებში უკვე გამოიკითხა რამდენიმე პირი, სუს-ი რევოლუციური სცენარის მთავარ ფიგურანტებად უკრაინაში მყოფ სააკაშვილის მთავრობის ყოფილ ძალოვანს გია ლორთქიფანიძეს, ექს-პრეზიდენტის პირად მცველს მიხეილ ბატურინს და "ქართული ლეგინონის" ლიდერ მამუკა მამულაშვილს ასახელებს.

დღის ამბები