26 ნოემბერი 2024,   01:28
ვრცლად
მანიფესტაციის დროს აკრძალულია ისეთი საშუალებები, რომლებიც ადვილად აალებადია, ასევე აკრძალულია ალკოჰოლური სასმელი, ეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა? - ალექსანდრე დარახველიძე

შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება. ცვლილებები "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციირებაც დღეს ბიუროს სხდომაზე მოხდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ მანიფესტაციის დროს აკრძალულია საშუალებები, რომლებიც ადვილად აალებადია, ასევე, აკრძალულია ალკოჰოლური სასმელი.

"ისეთი ტენდენცია მიიღო, რომ როცა რაღაც კანონპროექტი არ მოგვწონს, ყველაფერს უნდა დავარქვათ რუსული და ეს იქნება ცუდი კანონპროექტი. აქ საუბარი არ არის, რომ ზოგადად, კარვის არსებობა იკრძალება შეკრება-მანიფესტაციის დროს. კონკრეტულ შემთხვევაში, თუკი იქნება საფრთხის შემცველი ამ კარვის არსებობა, ინდივიდუალურად შეფასდება ეს გარემოებები, წარვადგენთ სასამართლოში შესაბამის მტკიცებულებებს და მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას, პოლიციის ქმედება იყო კანონიერი თუ იყო უკანონო.

დღესაც არის შეზღუდული ის, რომ არ შეიძლება მანიფესტაციის დროს გვქონდეს ისეთი საშუალებები, რომლებიც ადვილად აალებადია, ასევე აკრძალულია ალკოჰოლური სასმელი. ეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა? იქნება განხილვები პარლამენტში და შეიძლება გარკვეული რედაქციული ცვლილებები განხორციელდეს," - აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.

ცვლილებებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს, ან სხვა პირებს. ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას. იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას. ან არ უკავშირდება შეკრების მანიფესტაციის ჩატარებას. კანონდარღვევისთვის გათვალისწინებულია სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია, ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე. თუ დამრღვევი ორგანიზატორია, ამ შემთხვევაში ჯარიმა 5 ათასი ლარია.

დღის ამბები