"მე აღარ მაქვს, მამასთან ურთიერთობის სურვილი, ის დედას ხშირად სცემდა და მე ამას ვუყურებდი. ბოლოს მაყურებინა, როგორ ცდილობდა მოეკლა მანქანაში, ღვედი ყელში მოუჭირა და ახრჩობდა. მე კი მეუბნებოდა, რომ უყურე და ცრემლი არ გადმოაგდო, კაცები არ ტირიანო. შიშით ვერაფერს ვამბობდი. აღარ მინდა მამა როდისმე ვნახო", - ეს 10 წლის ბიჭის ჩვენებაა, რომელიც მან სასამართლოს მისცა.
ბავშვმა დედაზე ძალადობის 8 წლიანი ისტორია დეტალურად გაიხსენა, რამაც მოსამართლე დაარწმუნა, რომ არასრულწლოვანის მოთხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინა - მოძალადე მამას შვილთან კავშირი აეკრძალა. ძალადობის მსხვერპლი დედა-შვილის მძიმე ისტორიაში ეს ბოლო სამართლებრივი გამარჯვება იყო. მანამდე მოძალადე ცოლის ინტენსიური ცემისთვის დამნაშავედ ცნეს. მსხვერპლმა ქალმა "კურიერი PS-ს" უმძიმესი ფაქტები უამბო.
დედა ჰყვებოდა, რომ მოძალადე კაცი მასთან ერთად, ძალადობდა საკუთარ შვილზეც. ეს ყველაფერი მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც 38 წლის დამნაშავე დააკავეს. მან 2-წლიანი მსჯავრი მოიხადა. შვილს ციხიდანაც ემუქრებოდა და გათავისუფლების შემდეგაც. ამის შემდეგ კი ბავშვმა მამასთან კონტაქტის გაწყვეტა თავად მოითხოვა. მოძალადეს ჯერ მშობლის უფლება შეეზღუდა, შემდეგ კი, სასამართლომ მას ბავშვის ნახვაც აუკრძალა.
აღიარებდა და ნანობდა თუ არა მოძალადე ჩადენილ დანაშაულს, მის წინააღმდეგ, სამი საქმის განხილვის დროს - 38 წლის მამაკაცმა, რომელსაც შვილის ნახვაც კი აეკრძალა, ქვეყანა დატოვა. დამნაშავის ადვოკატები კი, დეტალებზე საუბარს ერიდებიან.
ქალის ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაცია "უფლებები საქართველო" იცავდა. დამნაშავის ფსიქოტიპის და განმეორებითი საფრთხის გათვალისწინებით, მსხვერპლის ადვოკატის მოთხოვნით, მოძალადეს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს. კაცი, რომელიც შვილზე უფლებების აღდგენას ითხოვდა, 10 წლის ბავშვის შანტაჟს, სასამართლოშიც შეეცადა.
ოჯახში ძალადობის სტატისტიკა საგანგაშოა, მხოლოდ გასულ წელს, შემაკავებელი ორდერი 8800-მდე მოძალადეზე გაიცა, აღირიცხა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის 10000-ზე მეტი შემთხვევა. მსხვერპლი თითქმის ყველა შემთხვევაში ქალია, ძალადობის ირიბი სამიზნეები კი, არასრულწლოვანები, რომლებსაც განცდილი დასავიწყებლად, ხანგრძლივი ფსიქორეაბილიტაცია სჭირდებათ.
დუმილი მოძალადეებს ახალი დანაშაულის ჩადენის გზას უხსნის. გამოსავალი შიშის დაძლევა და რეაგირებაა. პირველ ეტაპზე, ძალადობის მსხვერპლმა შეტყობინება 112-ზე უნდა დატოვოს.
მოძალადისგან თავის დაღწევა არის უდიდესი შანსი, ახალი ცხოვრების დასაწყებად.