26 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
ომს გამოქცეული უკრაინელი ბავშვები ქართულ სკოლებში - როგორია ცხოვრება სამშობლოსგან შორს და რას სთავაზობს საქართველო უკრაინელ მოსწავლეებს 

თბილისში, უკრაინის პირველი პრეზიდენტის მიხაილო გრუშევსკის სახელობის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინელი მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესი ზუსტად ისე იწყება, როგორც მათ ქვეყანაში: უკრაინულად, უკრაინული პროგრამით, უკრაინელი მასწავლებლებით, თანაკლასელებით და ქართული მხარის დიდი მონდომებით, რომ ომს გამოქცეულმა პატარებმა თავი იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში.

უკრაინული სექტორის პირველი კლასის პატარებმა სულ რამდენიმე კვირაა დაიწყეს ცხოვრების ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი. მათ შედარებისთვისაც კი არ იციან, როგორია სკოლა საკუთარ ქვეყანაში, სამშობლო ჯერ კიდევ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა დატოვეს.

აქ მხოლოდ ტრაგედია არ აერთიანებთ, აქ ყველა ყველას მეგობარია, მიუხედავად ასაკისა თუ სტატუსისა.

კედლებზე გაკრული ნამუშევრები ძირითადად უკრაინა-საქართველოს მეგობრობაზე, საერთო ღირებულებებზე, ისტორიაზე, კულტურაზე, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ოკუპაციაზე ჰყვება. იმავე სულისკვეთების მატარებელია ბოლო 2 სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებებიც.

კონცერტები, პროექტები, არაფორმალური განათლება, ფსიქოლოგიური მომსახურება, ტრანსპორტირება - ეს არასრული ჩამონათვალია იმ სერვისების, რომელსაც საქართველოში საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის 2300-მდე აღსაზრდელს სთავაზობენ.

პატარები ახლა სამშობლოდან ძალიან შორს, ბავშვური სილაღისგან დაცლილ, მაგრამ პატრიოტიზმით სავსე ჩანახატებს აკეთებენ, იმის იმედად, რომ მალე ლურჯი ცისა და ოქროსფერი პურის ყანის ქვეყანაში დაბრუნდებიან.

დღის ამბები