26 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
ამომრჩევლებმა მარტივად მიიღეს ელექტრონული ტექნოლოგიები და კენჭისყრა შეუფერხებლად მიმდინარეობს, ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია, დაუშვებელია პროცესის შეგნებული დაზიანება - ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

მისივე ინფორმაციით, ამომრჩევლებმა კარგად და მარტივად მიიღეს ელექტრონული ტექნოლოგიები და კენჭისყრა შეუფერხებლად მიმდინარეობს.

"საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ არჩევნების მოდერნიზება – ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება გადამწყვეტ ეტაპზეა და სწორედ ამიტომ საარჩევნო ადმინისტრაციამ, როგორც პირველი ოქტომბრის არჩევნებისთვის, ისე 2024 წელს დაგეგმილი პარლამენტის არჩევნებისთვის აქტიური საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია ჯერ კიდევ ზაფხულიდან დაიწყო. სწორედ ამ აქტიური კამპანიის შედეგია ის, რომ ამომრჩევლებმა ძალიან კარგად და მარტივად მიიღეს ელექტრონული ტექნოლოგიები და კენჭისყრა შეუფერხებლად მიმდინარეობს. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ მიდიან არჩევნებზე, გადასატანი ყუთები უკვე გასულია საარჩევნო უბნებიდან. შეგახსენებთ, რომ ის ამომრჩევლებიც გაივლიან მარკირების შემოწმების პროცედურას, რომლებიც გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემენ ხმას," - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას 12:00 საათისთვის, ნათია იოსელიანის განმარტებით, 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე მივიდა 14 309 (7.76%) ამომრჩეველი.

"მონაცემები, რომლებიც ახლა გაგაცანით, ადასტურებს, რომ ამომრჩეველთა აქტივობა ამ დროისთვის საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელია მედიაში გავრცელებული ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა განცხადებები, თითქოს აქტივობა დაბალია, მოქალაქეები ბოიკოტს უცხადებენ არჩევნებს და ელექტრონული აპარატები გამოსულია მწყობრიდან; ასევე, თითქოს ამომრჩევლებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ხმის მიცემა უჭირთ. ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას. აღნიშნული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს ამ განცხადების დამადასტურებელი ერთი ფაქტიც კი არ წარმოუდგენიათ. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ არჩევნების მოდერნიზება საერთო ეროვნული საქმეა და დაუშვებელია ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო ამ პროცესის შეგნებული დაზიანება და დისკრედიტაცია. შესაბამისად, მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ობიექტურად შეაფასონ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა და ნუ გაავრცელებენ დეზინფორმაციას. აქვე, ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით საარჩევნო პროცესში ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში ყველა რისკი დაზღვეულია, გათვალისწინებულია რეაგირების მექანიზმები და კენჭისყრა არ შეფერხდება," - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

დღის ამბები