დონალდ ტრამპისთვის წაყენებული ბრალდებების საპასუხოდ კონგრესის ქვედა პალატაში ჯო ბაიდენის იმპიჩმენტზე პირველი სხდომა გამართა. პრეზიდენტს ბრალს კორუფციაში სდებენ. რესპუბლიკელების პარტია ირწმუნება, რომ ქვეყნის პირველმა პირმა ამერიკელ ხალხს სიმართლე დაუმალა.
"პრეზიდენტი ბაიდენი წლების განმავლობაში ატყუებდა ამერიკელ ხალხს იმის შესახებ, თითქოს მისი ოჯახის კორუფციული ბიზნეს საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდა და მასში არ მონაწილეობდა" - ეს განცხადება რესპუბლიკელებმა კონგრესის ქვედა პალატაში გააკეთეს, სადაც ამ პარტიის მიერ ინიცირებული პრეზიდენტის იმპიჩმენტის პირველი სხდომა გაიმართა. დემოკრატებმა აღნიშნეს, რომ ჯო ბაიდენის კავშირზე, მისი შვილის საქმიანობასთან, რესპუბლიკელებს ფაქტები არ აქვთ.
კონგრესის ქვედა პალატის დემოკრატებმა უმრავლესობა ტრამპის დავალებების შესრულებაში დაადანაშაულა. დემოკრატების თქმით, კომიტეტმა 12.000 გვერდიანი საბანკო ამონაწერები მიიღო და არც ერთ გვერდზე არ არის აღმოჩენილი, რომ პრეზიდენტ ბაიდენთან 10 ცენტიც კი წასულიყო.
ჯო ბაიდენმა, არიზონაში სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ „მაგას" ექსტრემისტი მხარდამჭერები ამერიკის დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. მან ხაზი გაუსვა, თუ რამდენად საშიში პრეცენდენტია არჩევნების შედეგების არცნობა, რითაც ღიად გააკეთა მინიშნება დონალდ ტრამპზე, რომელიც დამარცხებას არ აღიარებდა.
ქვედა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის სხდომაზე მოწვეულმა რესპუბლიკელთა მოწმემ, ბრიუს დაბინსკიმ აღნიშნა, რომ არ შეუძლია მტკიცება, ჰქონდა თუ არა ადგილი კორუფციას, თაღლითობას ან სხვა უკანონო ქმედებას. მისი თქმით, უფრო მეტი ინფორმაციაა საჭირო, ასეთი დასკვნების გასაკეთებლად.