26 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
შვილის შურისძიება და უმწეო მდგომარეობაში მოკლული მამა - რა უთხრა სამსამართლოს 28 წლის მამაკაცმა

"გამოყენებულ იქნეს პატიმრობა" - ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლემ მამის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიება განუსაზღვრა და ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. დავით მაკარაძემ ის მიზეზებიც განმარტა, რომელზე დაყრდნობითაც, სასამართლომ დღეს იმსჯელა. მოსამართლემ თქვა, რომ სანდრო ინაურის მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებებიც განადგურებისა და სხვა დანაშაულის ჩადენის მაღალი რისკი არსებობს.

გადაწყვეტილებამდე იყო გირაოს მოთხოვნაც. ადვოკატებმა მოსამართლეს პატიმრობის ალტერნატივად 10 000 ლარი შესთავაზეს. დაცვის მხარის შუამდგომლობა დღეს არ დაკმაყოფილდა, თუმცა ადვოკატებს უკვე შემუშავებული აქვთ ის სტრატეგია, რომლის თანახმად, 28 წლის მამაკაცის ციხიდან დახსნას შეეცდებიან. გამოძიება პირველივე დღიდან დაიწყო მუხლით - ”განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ”. ადვოკატებს ამ ბრალის გადაკვალიფიცირების იმედი აქვთ. მანამდე კი, დავით მაკარაძის დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

სანდრო ინაურს დღეს არ უთქვამს, ეთანხმება თუ არა ბრალის იმ ფორმულირებას, რა შინაარსითაც გამოძიებამ საქმე სასამართლოში წაიღო. საბრალდებო სკამზე მჯდომმა მხოლოდ ის განმარტა, რომ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ჯერჯერობით არ აპირებს. ბრალდება დარწმუნებულია, რომ მათ მიერ მოპოვებული და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები შვილის დანაშაულის უტყუარობაზე მიუთითებს.

სასტიკი მკვლელობის საქმეზე გამოძიებით უკვე დადგენილია, რომ სანდრო ინაურმა მძინარე მამა სანადირო თოფით მოკლა, შემდეგ კი, მისი სხეული საკუთარი აგარაკის ეზოში დამარხა. ირკვევა ისიც, რომ მამაკაცმა მამის გაუჩინარების შესახებ სამაშველო სამსახურშიც თავად დარეკა და ძებნის ოპერაციაშიც აქტიურად მონაწილეობდა. გამოძიებას მძიმე დანაშაულის, მკვლელობის ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც შვილის ავტომობილზე მამის სისხლის კვალი აღმოაჩინეს. ასე გაირკვა, რომ უშანგი ინაური არ დაკარგულა და ის მკვდარი იყო.

დღის ამბები