26 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
"კანვასის“ ლიდერებმა, გამოკითხის შემდეგ საქართველო დატოვეს - რა ინფორმაცია მიაწოდეს სერბეთის მოქალაქეებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს

გამოკითხვიდან რამდენიმე საათში გამოცდილმა ტრენერებმა საქართველო უკვე დატოვეს. რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას "კანვასის" ლიდერებთან - "კანვას საქართველოს" ხელმძღვანელი "კურიერთან" აცხადებს, რომ გაუთქმელობის პირობიდან გამომდინარე, ორგანიზაციის ლიდერებს მისთვის ეს ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. გიორგი მელაძე სახელმწიფო გადატრიალების საქმესთან მათ კავშირს გამორიცხავს ამბობს, რომ "კანვასის" ფუნქციაა, მოქალაქეებს აუხსნან, როგორ გამოიყენონ პროტესტის კონსტიტუციური უფლება. მისივე განცხადებით, სწორედ ამ მიზნით იყვნენ საქართველოში ჩამოსული სერბი ტრენერებიც.

წასვლამდე, "კანვასის" თანადამფუძნებლები სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ "იუესეიდის" მიერ დაფინანსებულ ტრენინგზე იმყოფებოდნენ. თავად "იუესეიდში" აცხადებენ, რომ "კანვასთან" რამდენიმე წელია თანამშრომლობენ, რაც მოქალაქეების მხარდასაჭერად, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირებას ითვალისწინებს.

სუსის ინფორმაციით, "კანვასი" გადატრიალების საქმეში ერთ-ერთ მთავარი აქტორია. უწყების ცნობით, ორგანიზაცია რევოლუციის მიზნით, ახალგაზრდული ჯგუფების მომზადებისთვის გამოიყენება, რომლის ბირთვსაც წარმოადგენს კიდევ ერთი ორგანიზაცია - "ოტპორი". სწორედ ამ ჯგუფებმა მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში. გამოძიების ცნობით, ისინი სხვადასხვა ქვეყანაში რეგულარულად მუშაობენ ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვისთვის. უსაფრთხოების სამსახურში ”ოტპორის” დამფუძნებელი წევრიც იმყოფებოდა, რომელიც პარალელურად, "კანვასის" ტრენერია. არც მან და არც ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებმა გამოკითხვის დასრულების შემდეგ დეტალებზე არ ისაუბრეს. მათი ინტერესების დამცველმა ქართველმა იურისტებმა კი განმარტეს, რომ ხელი გაუთქმელობას მოაწერეს.

სუსის გამოძიების ფარგლებში, სერბეთის მოქალაქეების გამოკითხვის საფუძველი სერიოზული არ არის არც ოპოზიციისთვის. ამ საკითხზე დასმულმა შეკითხვებმა დღეს ნაციონალური მოძრაობის გაღიზიანებაც გამოიწვია.

სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დაწყებულ გამოძიებას რომ რეალური საფუძველი აქვს - ამაში სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ "კანვასის" ლიდერების ჩამოსვლით, გამოძიება უმიზეზოდ არ დაინტერესდებოდა. მმართველ პარტიას კითხვები აქვს უცხოელი სტუმრების ჩატარებულ ტრენინგებთან დაკავშირებითაც.

უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების პარალელურად, ოქტომბერ დეკემბერში სამოქალაქო არეულობის გეგმებთან დაკავშირებით ატარებს, რომლის განხორციელებაც გამოძიების ინფორმაციით, უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობითვე, დესტრუქციული სცენარის ავტორები ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და უკრაინაში ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი არიან. ნათქვამია ისიც, რომ ახალგაზრდების გადამზადება უკრაინა-პოლონეთის საზღვრის მიმდებარედ მიმდინარეობს.

დღის ამბები