26 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
როგორ დახარჯავს 2024 წელს მთავრობა 28 მილიარდს - სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს დღეებში დაიწყება

2024 წლის 1 იანვრიდან, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერები 50 ლარით, 70 წელს ქვემოთ კი 20 ლარით გაზრდილ პენსიებს აიღებენ. საპენსიო ასაკის ადამიანები იმედოვნებენ, რომ მათი ყოველთვიური შემოსავლის ზრდის ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

მომდევნო წლის ბიუჯეტის პარამეტრები მთავრობის სხდომაზე დღეს პრემიერ მინისტრმა წარადგინა. 2024 წელს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი, გასულ წელთან შედარებით, 870 მილიონი ლარით გაიზრდება. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერები 50 ლარით გაზრდილ პენსიას - სულ 415 ლარს აიღებენ. ამავე კატეგორიის პენსიონერებისთვის, რომლებიც მაღალმთიან დასახლებებში ცხოვრობენ, პენსია 500 ლარი გახდება. 20 ლარით გაიზრდება 70 წლამდე პირთა პენსია და 315 ლარი გახდება. 380 ლარს მიიღებენ 70 წლამდე პენსიონერები მაღალმთიან რაიონებში. მთავრობის მეთაურმა პარალელი წინა ხელისუფლებასთან გაავლო და საზოგადოებას შეახსენა, რომ 2012 წელს პენსია მხოლოდ 110 და 125 ლარი იყო.

პენსიებთან ერთად 2024 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემოსავლები საჯარო მოხელეებისთვისაც. ყველას ხელფასი 10%-ით გაეზრდება. პოლიციაში, ჯარში და სპეცსამსახურებში დასაქმებული ადამიანების ანაზღაურების ზრდა კი ბოლო 2 წელიწადში 40 - 45 %-ია. ბიუჯეტიდან საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 350 მილიონი დაიხარჯება. საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას კი 225 მილიონი ლარი მოხმარდება.

2024 წელს ბიუჯეტი 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი იქნება, 2012 წელს კი 8,5 მილიარდი ლარი იყო. ბოლო 12 წელიწადში ბიუჯეტი 19 მილიარდ 300 მილიონით გაიზარდა. შესამჩნევი სხვაობაა მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლებშიც. მაგალითად თუ 2012 წელს ნომინალური მშპ 27,2 მილიარდი იყო, 2024 წლისთვის 58 170 000- ით გაიზარდა 85 მილიარდ 370 მილიონი გახდა. ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით კი, მთლიანი მშპ 2012 წელს თუ 4 422 დოლარს შეადგენდა, უკვე წელს იგივე მაჩვენებელი 8 100 დოლარია, მომდევნო წელს კი 8600 დოლარს გადააჭარბებს. პრემიერ მინისტრის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპის პირობებში, 2027 წლისთვის, მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 108 მილიარდი ლარი, რაც ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით - 11 000 დოლარია.

მომდევნო წლის ბიუჯეტს საკანონმდებლო ორგანოში განიხილავენ, თუმცა საბოლოო დამტკიცებამდე აუცილებელი პროცედურებია გასავლელი. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, წლის ბოლოს სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში, ბიუჯეტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება ახალი წლიდან, 1 იანვრიდან დაიწყება.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს დღეებში დაიწყება.

 

დღის ამბები