26 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებული თბილისის მოთხოვნით ვარშავაში დააკავეს - რას მოჰყვა ანგარიშსწორება ფოთში და რომელი ე.წ. კანონიერი ქურდის კლანს წარმოადგენს დაკავებული კრიმინალი

კიდევ ერთი მკვლელობა, ამჯერად კარგად გახმაურებული, რომლის ერთ-ერთ ფიგურანტი 3 წელი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

მეუღლემ ირაკლი ფიფიას დაკავების შესახებ "კურიერისგან" შეიტყო. ქალი ამტკიცებს, რომ ქმართან კონტაქტი დიდი ხანია არ ჰქონია და არც ის იცის, თუ სად ცხოვრობდა ბოლო თვეებში ინტერპოლის მიერ მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი მამაკაცი. ის ვარშავის აეროპორტში საქართველოს მოთხოვნით დააკავეს და საექსტრადიციო პატიმრობაში გადაიყვანეს.

ირაკლი ფიფია, რომელიც ვარშავაში ყალბი საბუთებით ესპანეთიდან ჩაფრინდა, ქართველი სამართალდამცველების მიერ გატაცების, ძალადობისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2020 წლიდან იძებნება. საქმე ეხება ფოთში, 43 წლის ვაჟა ტყებუჩავას სასტიკ მკვლელობას, რომლის ხუთი ფიგურანტი საქართველოში დააკავეს, თუმცა ირაკლი ფიფიამ ქვეყნის დატოვება მოასწრო და ამ დრომდე საზღვარგარეთ იმალებოდა.

სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის დაკავება "კურიერისგან" შეიტყო მოკლულის დედამაც. მაკა ტყებუჩავა ამბობს, რომ მისი შვილი ცემით ე.წ. კანონიერი ქურდის, ჯუმბერ ბაირამიდის, იგივე ბონჩოს დაკვეთით მოკლეს. მშობელი "რუსთავი 2-თან" იხსენებს, რომ ვაჟა ტყებუჩავა ახლობლის დაკრძალვიდან გაიტაცეს, სკოლის ეზოში ხელკეტებით სასტიკად სცემეს, შემდეგ კი, უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ნაგავსაყრელზე დააგდეს. თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ვაჟა ტყებუჩავას მამასაც. სამედიცინო ჩარევის მიუხედავად, ექიმებმა ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ფოთში ყველამ იცის, რომ სასტიკი მკვლელობა ორ კრიმინალურ კლანს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის მოტივი გახდა ვაჟა ტყებუჩავას მეგობრობა კრიმინალურ “ავტორიტეტ“ რუსულან გუგუნავასთან, რომელსაც ბაირამიდების დაჯგუფებასთან მრავალწლიანი დაპირისპირება ჰქონდა.

ე.წ. კანონიერი ქურდი ჯუმბერ ბაირამიდი, რომელიც ამჟამად თურქეთში ცხოვრობს, სხვა არაერთ კრიმინალურ საქმეში ფიგურირებს. საქართველოში მას ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი, მათ შორის ქურდული გარჩევების, მუქარისა და ფულის გამოძალვის მუხლით. ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსს ფლობს მისი ძმა, სტავრო ბაირამიდიც, რომელსაც კრიმინალურ წრეებში “როკოს“ მეტსახელით იცნობენ. ძმებ ბაირამიდებზე ქართველ სამართალდამცველებს ძებნა აქვთ გამოცხადებული.

დღის ამბები