26 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
დესტაბილიზაციის გეგმა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე სერბეთის სამი მოქალაქე დაიბარეს, რომლებიც ორგანიზაცია კანვასის წევრები არიან

"კანვასის" 3 ლიდერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღის 3 საათზე დაიბარეს. ადგილზე მედიის გამოჩენის შემდეგ, სერბეთის მოქალაქეებმა შეკითხვებს თავი აარიდეს. ორგანიზაციის დამფუძნებლებმა თქვეს, რომ დეტალებზე გამოკითხვის დასრულების შემდეგ ისაუბრებდნენ. სუსი "კანვასის" ტრენერების საქართველოში ყოფნის მიზეზით, სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაინტერესდა.

"კანვასისის" ლიდერებთან ერთად, სუსის შენობაში ქართველი იურისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შევიდნენ. ისინი სერბეთის მოქალაქეებს გამოკითხვის პროცესში სამართლებრივ მომსახურებას უწევენ.

"კურიერმა" გაარკვია, რომ გამოკითხვაზე მისვლამდე, ორგანიზაციის ლიდერები თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ. მათთან გასაუბრება ჟურნალისტებმა პირველად სწორედ იქ სცადეს, თუმცა ტერიტორია უკომენტაროდ დატოვეს. ადგილზე აღმოჩნდნენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის "საიას" თავმჯდომარეც. მათ დაადასტურეს, რომ შეხვედრა მათ სწორედ "კანვასის" წევრებთან ჰქონდათ და სასტუმროში იუესაიდის დაფინანსებული ტრენინგი ტარდებოდა.

"კანვასი" გადატრიალების საქმეში ერთ-ერთ მთავარ აქტორად, სუსმა რამდენიმე დღის წინ დაასახელა. ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ ორგანიზაცია რევოლუციის მიზნით ახალგაზრდული ჯგუფების მომზადებისთვის გამოიყენება, რომლის ბირთვსაც წარმოადგენს კიდევ ერთი ორგანიზაცია - "ოტპორი". სწორედ ამ ჯგუფებმა მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში. გამოძიების ცნობით, ისინი სხვადასხვა ქვეყანაში რეგულარულად გამოიყენებიან ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვისთვის. ამ ინფორმაციის ოპოზიციას არ სჯერა. ამტკიცებენ, რომ სუსში დაწყებულ გამოძიებას რეალური საფუძველი არ აქვს.

"კანვასის" სერბი ლიდერები, რომლებიც ახალგაზრდებს საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნებში ატრენინგებენ, სუსის შენობაში რომ უსაფუძვლოდ არ აღმოჩენილან, ამისი მმართველ გუნდს სჯერა, თუმცა "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ყველა კითხვაზე პასუხს გამოძიების შედეგები გასცემს.

"კანვასი" საქართველოში 2 წლის წინ შეიქმნა, მაგრამ მის დამფუძნებელ წევრებს სამოქალაქო აქტივიზმისა და არაძალადობრივი აქციების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული თბილისში, 7-8 მარტის მოვლენებშიც. "კანვას" საქართველო თავადვე საჯაროდ აცხადებდა, რომ მათი წარმომადგენლები პროტესტის მონაწილეებს სხვადასხვა აქტივობის კოორდინაციასა და ორგანიზებაში ეხმარებოდნენ.

უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების პარალელურად - ოქტომბერ-დეკემბერში სამოქალაქო არეულობის გეგმებთან დაკავშირებით ატარებს, რომლის განხორციელებაც გამოძიების ინფორმაციით, უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობითვე, დესტრუქციული სცენარის ავტორები ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და უკრაინაში ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი არიან. ნათქვამია ისიც, რომ ახალგაზრდების გადამზადება უკრაინა-პოლონეთის საზღვრის მიმდებარედ მიმდინარეობს.

დღის ამბები