ერთად გაზრდილ ახალგაზრდებს შორის დაბადების დღეზე დაწყებული კამათი, მკვლელობით დასრულდა - მსხვერპლი 23 წლის მამაკაცია. დავაში ჩართულმა ავთო სიხარულიძემ კონფლიქტს თავი აარიდა და სახლში წავიდა, თუმცა მას ბავშვობის მეგობარი ქუჩაში დახვდა და დანით ორი, უმძიმესი ჭრილობა მიაყენა. მკვლელობის ადგილი ჩოხატაური, სოფელი გოგოლეს უბანია, მკვლელობაში ეჭვმიტანილი კი 27 წლის შოთა სიხარულიძე. დანაშაულს რამდენიმე მოწმე ჰყავს.
როგორც ირკვევა, ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი წინა დღეს, მოკლულის დაბადების დღეზე დაიწყო, დაპირისპირება კი მეორე დღეს სასტიკი მკვლელობით დასრულდა. დაჭრილი კლინიკაში მეგობრებმა მიიყვანეს, თუმცა საავადმყოფოში შეყვანილი ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი იყო.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი წარსულშიც ნასამართლევია. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე თვის წინ, ოთხწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. შოთა სიხარულიძე სასჯელს პოლიციელზე თავდასხმისთვის იხდიდა, ციხე კი ვადაზე რამდენიმე წლით ადრე დატოვა. სოფელში მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ.
მომხდარზე ბევრს ვერაფერს ყვებიან მკვლელის ოჯახშიც. შოთა სიხარულიძის დედა ამბობს მხოლოდ იმას, რომ მის შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
პოლიცია შოთა სიხარულიძეს ამ დრომდე ეძებს. მეგობრის მოკვლის შემდეგ, 27 წლის მამაკაცი ადგილიდან მიიმალა. ძებნის ოპერაციის პარალელურად დღეს გამომძიებლებმა მოწმეებიც გამოჰკითხეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.