26 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
თუ ვინმე ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაბიჯს გადადგამს, ყველას მოგეკითხებათ შესაბამისად კონსტიტუციისა და კანონებისა - ირაკლი ზარქუა

"ყველას მოგეკითხებათ, შესაბამისად ჩვენი კონსტიტუციისა და ჩვენი კანონებისა," - ასე გამოეხმაურა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებას.საუბარია, სუსში სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმესთან დაკავშირებით, სერბეთის მოქალაქეების, ჯგუფ "კანვასის" წევრების გამოკითხვაზე დაბარებას.

ზარქუას შეფასებით, მცდელობაა, რომ ქართულ სახელმწიფოზე მორიგი იერიში მიიტანონ.

"მორიგი იერიშის მიტანა უნდათ ქართულ სახელმწიფოზე. ამასთან დაკავშირებით პრევენციის სახით გააკეთა სუს-მა განცხადება, სადაც კონკრეტული არგუმენტები იყო მოხმობილი და ახლა კონკრეტულად ის გვარები, ის ორგანიზაცია, რომელიც მონაწილეობდა, დღეს საქართველოში არის და ფუნქციონირებს. ანუ აღმოჩნდა, რომ სწორი მიმართულებით და სწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებდა ამ განცხადებებს შესაბამისი სტრუქტურები.

ამიტომ, მე მინდა მივმართო ყველას, ვინც აქ ხართ ჩამოსულები იმისთვის, რომ ქვეყანა არიოთ ან ამ ადგილობრივ ლუზერებს და გაკოტრებულებს, ვინმე თუ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაბიჯს გადადგამს, ყველას მოგეკითხებათ შესაბამისად ჩვენი კონსტიტუციისა და ჩვენი კანონებისა. არავის მიეცემა საშუალება აქ რაიმე ქაოსში გახვიოს ჩვენი ქვეყანა. მეორე ფრონტი საქართველოში არ გაიხსნება," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, 18 სექტემბერს სუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაშიფრულია გეგმა, რომლის თანახმად, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პროცესის პარალელურად, საქართველოში სამოქალაქო არეულობა იგეგმება. კერძოდ, დესტრუქციული პროცესების დაწყების პერიოდად ოქტომბერ-დეკემბერი სახელდება, მთავარი შემსრულებლები კი გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ ბატურინი და მამუკა მამულაშვილი არიან. გეგმის განხორციელება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით არის დაგეგმილი. გეგმის ერთ-ერთ მთავარ აქტორად მოხსენიებულია ორგანიზაცია "კანვასი," რომელთა წარმომადგენლებიც საქართველოში ტრენინგებს ატარებენ.

 

დღის ამბები